გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში გასული კვირის (2-8 ივნისის) პერიოდში.
IMF-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა, ამასთან ფონდმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სებ-ის დამოუკიდებლობასა და მმართველობაზე საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშცვილთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართა. ფონდის მისია საქართველოში გასული თვის ბოლოდან მუშაობდა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ განახლებული შეფასება მოამზადა. ფონდის ახალი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა აქამდე პროგნოზირებული 6%-ის ნაცვლად 7.2%-მდე გაზარდა. ფონდმა ასევე მოამზადა რეკომენდაციები სებ-ის მმართველობის სისტემასთან დაკავშირებითაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სებ-ის მმართველობის მოდელი უნდა შეიცვალოს, საუბარია გადაწყვეტილების მიღების წესზე, რომლითაც ამჟამად სებ-ის პრეზიტენდს გააჩნია დისკრეციული გადაწყვეტილებებს მიღების უფლება. ფონდი მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებები კოლეგიალური პრინციპის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. ამასთან, ფონდი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიმართ ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს, ამასთან უფრო მკაფიო გახდეს სებ-ში მმართველობის გადაცემის ჩარჩო.
მაისში საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზერვების ეს მოცულობა თითქმის იმდენივეა, რაც 1 წლის წინ იყო (სხვაობა მინუს 14 მლნ დოლარი).
სავალუტო რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას უკავშირდება. აღნიშნულის დეტალური სტატისტიკა ჯერ ცნობილი არაა და ის 25 ივნისს გამოქვეყნდება, ხოლო 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368 მილიონი დოლარი შეადგინა.
2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. თუმცა, მაისში ოქროს ფასი შემცირდა, რამაც რეზერვების ეს კომპონენტი წინა თვესთან შედარებით 5.6 მილიონი დოლარით შეამცირა.
მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა
საქსტატმა 2025 წლის მაისის წლიური ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში წლიური ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა. ეს თანხა აპრილთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია. საქსტატის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 8.3%-ით გაიზარდა. ასევე გაძვირდა ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ფასების წლიური მატება 9%-ია.
"ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" შესყიდვას განიხილავს - ირაკლი რუხაძე მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს
თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ ეს იქნება კარგი მისი საბანკო სექტორისთვის - ამის შესახებ "ლიბერთის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ მედიასთან განაცხადა.
"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა. რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა. შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.
გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი გადადგა, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი ჩაანაცვლებს, ის ბრიტანეთის და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული
გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს და ისევ ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას 3 ივნისს გახდა ცნობილი. ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.
4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოქმედი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. იმავე დღეს გაბიტაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა.
გაბიტაშვილი პოსტზე პოსტზე 2024 წლის 18 ივლისს 6 წლის ვადით დაინიშნა. უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ამ მცირე დროის განმავლობაში ის დაასანქცირეს დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია" - წერს რობინ დანიგანი, რომელიც ელჩის თანამდებობას 2023 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. დიპლომატი ამბობს, რომ პენსიაზე გადის, თუმცა აშშ-საქართველოს კავშირების გასამყარებლად მუშაობას ივლისამდე აგრძელებს, სანამ ქვეყანას დატოვებს.




























