მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 21-27 აპრილი

დავითაშვილი

გთავაზობთ გასული კვირის - 21-27 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

I კვარტალში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა

ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში იმპორტმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტმა კი - 1.4 მლრდ აშშ დოლარი

გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მონაცემები. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4.2 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1%-ით).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მთავარი საექსპორტო საქონელი კი მსუბუქი ავტომობილები იყო 500.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს.

საგარეო ვალის გეგმა 50%-იანი ჩამორჩენით შესრულდა

ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში „ვალდებულებების ზრდით“ სახელმწიფო ბიუჯეტში 735.7 მლნ ლარი შევიდა, რაც გეგმის 83.1%–ია. ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული ჩამორჩენა საგარეო ვალის ნაწილშია, რომელიც მხოლოდ 50%-ით შესრულდა. უფრო დეტალურად, იანვარ-მარტში:

საშინაო ვალდებულებების ზრდით მიღებულია 612.9 მლნ ლარი - საპროგნოზო მოცულობის 95.9%; საგარეო ვალდებულებების ზრდით კი, მიღებულია 122.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 50%–ია. ეს თანხა მთლიანად საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების სახითაა მიღებული და ამ მიმართულებით გეგმა 69.5%-ით არის შესრულებული. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში არ ფიქსირდება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიღება, ეს კი იმ ფონზე, რომ სამი თვის გეგმით, 69 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი იყო პროგნოზირებული.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება. სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

ერთპარტიულმა პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით თებერვალში მიიღო. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. თამარ ზოდელავა წლების განმავლობაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საპარლამენტო პროექტების მენეჯერი იყო.

I კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები $826 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

სებ-ის თანახმად, I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8% და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაჩვენებელი წლის ჭრილში 4.8%-ით შემცირდა.

I კვარტალში 958 947 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა

საქართველოში, 2025 წლის იანვარ-მარტში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრესრელიზის თანახმად, გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თუმცა პრესრელიზში არაა მოცემული ტოპ-10 ქვეყნის მონაცემი, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის არაა ნახსენები რუსეთის სტატისტიკა, რომელიც, ტრადიციულად ლიდერ პოზიციას იკავებს. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს მოიცავს, საიდანაც მაღალი პროცენტული ზრდა იყო, თუმცა არაა მოცემული მონაცემები ამ ქვეყნებიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობაზე.

ირაკლი ქარსელაძე "ოცნების" მთავრობიდან წავიდა

ირაკლი ქარსელაძე “ოცნების” მთავრობიდან წავიდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქარსელაძემ მას თანამდებობიდან წასვლის თხოვნით თავად მიმართა. მიზეზი ბრიფინგზე არც კობახიძეს და არც თავად ქარსელაძეს არ დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა. ის 19 აპრილის ბრძანებით ამ თანამდებობაზე უკვე იყო დანიშნული. ქარსელაძის შემცვლელად რევაზ სოხაძე დაინიშნა.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოლიტიკიდან წავიდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი თქმით, მან პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის, ხალხის და პარტიის წინაშე. პოლიტიკიდან წასული ღარიბაშვილი საკუთარ თავს კერძო სექტორში ხედავს.

ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ეწვია

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ეწვია. მან შეხვედრები გამართა IMF-ში, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში და თეთრ სახლში. ასევე, შეხვდა გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს აშოკ პინტოს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ეკონომიკის უწყების თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე. “მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული,” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგების თანახმად, მაისში საწვავი უნდა გაიაფდეს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვარში ფასების ზრდა ფიქსირდებოდა, ხოლო თებერვალ-მარტის თვეში - ფასების კლება. ფასის შემცირება ფიქსირდებოდა თებერვალ-მარტშიც, რაც განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.

ანგარიშის თანახმად, ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები