მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

პრემიერი

გასული კვირის (30 სექტემბერი - 5 ნოემბერი) მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

1) ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 0.8% იყო

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ 0.8% შეადგინა. ეს სექტემბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 1,2 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა ზრდა ფიქსირდება სხვა ისეთ ჯგუფებში როგორიცაა ტრანსპორტი, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, ასევე გაზრდილია ტანსაცმლის, ასევე სახლის მოვლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფში.

2) საქართველოს ეკონომიკა სექტემბერში 5.1%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სექტემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2023 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, სასტუმრო და რესტორნებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

3) აზარტული თამაშების სექტორს გადასახადები გაეზრდება

საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.

4) ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 2024 წელს 50 მილიონი დაიხარჯება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, 24 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტში ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, შესაბამისად 2023-2024 წლებში მთავრობა პროექტის განვითარებაზე 70 მილიონს დახარჯავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ამჟამად კონკურსის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია არიან დაინტერესებული და სწორედ ეს ორი კომპანია მიიღებს კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობას.

5) EU-ს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას გაფართოების შესახებ, რომელსაც საქართველო ელის. თარიღი არაერთხელ შეიცვალა - თავდაპირველად ის შემოდგომის დასაწყისში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ბოლოს ნოემბერში გადაინაცვლა.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო სექტორის 200-მდე ორგანიზაციამ ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების თხოვნით ერთობლივი მიმართვა გაუგზავნა.

6) ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი საერთაშორისო კომპანია Ripple ხდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა. კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო.

7) “ქართუ ფონდმა” იპოდრომის მიმდებარედ 80,000 კვადრატული მეტრი “ვისოლ ჯგუფისა” და GD Alco-ს კონსორციუმს მიჰყიდა

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იპოდრომის მიმდებარედ, 80,000 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების "ქართუ ფონდისგან” შეძენის დეტალებზე საუბრობს. BMG-ისთვის წერილობით გამოგზავნილ განცხადებაში სოსო ფხაკაძე განმარტავს, რომ მათ მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქველმოქმედო ფონდ “ქართუსთან” შეთანხმების მიღწევა შეძლეს და ტერიტორია შეიძინეს. ამასთანავე, სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, რომ პროექტის განვითარებას GD Alco-სთან ერთად გეგმავენ და კონსორციუმის შექმნას განიხილავენ. ამასთან, არ გამორიცხავენ რომ პროექტში უცხოელი პარტნიორებიც ჩართონ.

8) საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

2023 წლის პირველ 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება შენელდა და წლიურად 8.3%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვას TBC Capital ავრცელებს.

როგორც კვლევაშია განმარტებული, ელექტროენერგიის მოხმარებამ 2022 წელს რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. თუმცა, მზარდი ტენდენცია აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე 2023 წლის პირველ 9 თვეში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, საცალო მომხმარებლების კატეგორია მოხმარების მცირედ ზრდას აჩვენებს.

9) რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს. 2023-2025 წლებში ოკუპანტი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიას 3 მილიარდ 600 მილიონი რუბლს გამოუყოფს, რაც თავდაპირველ შეთანხმებაზე 450 მილიონი რუბლით ნაკლებია. შესაბამისი განცხადება ასლან ბჟანიამ გააკეთა. ცნობისთვის, პირველადი შეთანხმებით, რუსეთს აფხაზეთისთვის 4 მილიარდ 50 მილიონი რუბლი უნდა გამოეყო. შეუმცირდება თუ არა დაფინანსება ოკუპირებულ ცხინვალს, უცნობია.

10) მთავრობამ 9 თვეში შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული - 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები