მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

S&P

გთავაზობთ გასული კვირის (5-11 თებერვლის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

საქართველოს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჰყავს

2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას დაუჭირა მხარი. 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, რის შედეგადაც ირაკლი კობახიძე სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება შევიდა და თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც.

რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2021 წელს გახდა. 2022 წლის 30 დეკემბრიდან კი მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. BMG ამ საკადრო მიზეზების გარკვევას ცდილობს.

S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით.

სააგენტოს განმარტებით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს. სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა. ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს;

სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა.

ექსკლუზიური ინტერვიუ IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან ენდრიუ ჯუველთან - რატომ არის ფონდის პროგრამა შეჩერებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ფონდმა $280-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეაჩერა. ამასთან, ჯუველი განმარტავს, რომ პროგრამა შეწყვეტილი არაა და ის შეჩერებულია. როგორც IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს განაპირობა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებამ. პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესიც მიიღო, რაც ჯუველის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სისტემის შესახებ გაურკვევლობას ზრდიდა.

IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მათ ეროვნულ ბანკის საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე კვალიფიციური კანდიდატების შერჩევაც იხილონ.

საქართველოს პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს

7 თებერვალს, BMG-ის მიერ ენდრიუ ჯუველთან ექსკლუზიური ინტერვიუს გაშვების დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი გეგმავს შეარჩიოს პარლამენტისთვის სებ-ის საბჭოს წევრობაზე წარსადგენი კანდიდატები.

4 ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღების ვადა 23 თებერვალს სრულდება.

იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით, 4.85 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო რეზერვები 112 მილიონი დოლარით შემცირდა 2023 წლის დეკემბერშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 268 მილიონი დოლარია.

საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა - ყველა დატვირთული კონტეინერი 30 ლარით დაიბეგრება

საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა - ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.

ახალი კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

ამ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, თუკი ის 2022 წელს იქნებოდა ძალაში, მუნიციპალიტეტები 14 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებდნენ.

2023 წელს საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომა 87 მილიონ ლარამდე გაიზარდა

კომუნიკაციების კომისია 2023 წლის სატელევიზიო ბაზრის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს - დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სარეკლამო ბაზრის ზომა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონით, ანუ 18.6%-ით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები