მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 25-31 აგვისტო

საქართველო

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში 25-31 აგვისტოსთვის.

2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, რვა თვეში 6.5%-ით

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 16 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.2%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის აპელაცია წააგო

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.

იანვარ-ივლისში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 204 მილიონი ლარი შევიდა

2025 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 204.8 მილიონი ლარი შევიდა, რაც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 9 თვის საპროგნოზო მოცულობის (228 მლნ ლარი) 89.8%-ია. პრივატიზაციაში ძირითად აქტივებზე შენობა-ნაგებობებზე 108.7 მილიონი ლარი მოდის, მიწის გაყიდვის შემოსავალმა კი 17.7 მილიონი ლარი. ასევე ბიუჯეტში 78 მილიონი ლარი შევიდა 5G რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონიდან.

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისება გეგმას ჩამორჩება

მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უცხოეთიდან 600 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ₾74 მლნ ჩამოირიცხა. ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ - 24.7%.

"ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები“ ნაწილია 1,825,850,000 ლარის საგარეო ვალის, რომლის სესხებაც წელს მთავრობას აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, საგარეო ვალი/ვალდებულებები მოიცავს საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იღებს და ხაზინის მონაცემებით, 7 თვეში ბიუჯეტში 427,176,085 ლარი ჩამოირიცხა, რაც წლიური გეგმის (1,225,850,000 ლარი) 34.8%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის (818,752,982 ლარი) – 52.5%. მთლიანობაში, იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის სახით 501,424,322 ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 27.5%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის მიმართ შესრულება 44.8%-ია.

საქართველოს ბანკების საკრედიტო პორტფელი 66 მილიარდ ლარს აღწევს - წლიური ზრდა 15%-ია

კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 66.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.29%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. სესხების ეს მოცულობა წლიურ ჭრილში 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ივლისში სესხებში ლარის წილი 0.69 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 57.61%-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის თანახმად, ივლისში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).

საქართველოში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირებულია

2025 წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.44 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 83 მილიონი ლარი).

ამასთან, 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.

"სეუმ" "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" შეიძინა

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" (IBSU) მფლობელი "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)" გახდა. შესაბამისი ცვლილება ბიზნესრეესტრში უკვე აისახა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-ის წილის მფლობელი 2025 წლის 27 აგვისტომდე კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო. ბიზნესრეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, სეუ-მ უნივერსიტეტი და მისი აქტივები 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა.

სადაზღვევო სექტორის შედეგები - 2025 წლის პირველ ნახევარში მოზიდული პრემია 802 მილიონ ლარამდე გაიზარდა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით, 30 ივნისის მდგომარეობით 19-მა სადაზღვევო კომპანიამ 802 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 90 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის 6 თვეში.

მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანიებს შორის პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით "ჯიპიაი ჰოლდინგია". რეიტინგში მეორე ადგილს თიბისი დაზღვევა იკავებს. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 137 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ხუთეულში შედიან ასევე ალდაგი [₾125 მლნ], იმედი L [₾82 მლნ] და ბენეფიტი [₾64მლნ].

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს

სამედიცინო (ჯანმრთელობის) კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს. სადაზღვევო ბაზრის 2025 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო პოლისების რაოდენობა მზარდია და 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 765,812 პოლისი იყო მოქმედი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 735,061 იყო, ხოლო 2023 წელს 721,747 სამედიცინო პოლისი იყო მოქმედი. 2025 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიებმა 375 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.

მთავრობა EasyJet-ს საქართველოს მარკეტინგისთვის 53,100 ევროს გადაუხდის

მთავრობა საქართველოს მარკეტინგისთვის EasyJet-ს 53 100 ევროს გადაუხდის. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით EASYJET AIRLINE COMPANY LIMITED-ს გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა. 18 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ღირებულება 53 100 ევროს შეადგენს. როგორც ხელშეკრულებაში წერია, ხელშეკრულების განხორციელების ინსპექტირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი უზრუნველყოფს.

რეგიონებში 120 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონების სამშენებლო ტენდერები გამოცხადდა

თბილისში 876 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონის ტენდერის გამოცხადების პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:

  • ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი – 15.7 მლნ ₾;
  • წალკა, ბოლნისი – 10.4 მლნ ₾;
  • ბაღდათი, თერჯოლა, ქუთაისი – 15.5 მლნ ₾;
  • წყალტუბო, იანეთი, ხონი – 15.5 მლნ ₾;
  • ხაბუმე, აბაშა, სერგიეთი – 15.6 მლნ ₾;
  • გორი (ორი ლოკაცია) და მეჯვრისხევი – 15.0 მლნ ₾;
  • გურჯაანი, წნორი – 10.3 მლნ ₾;
  • ყვარელი, თელავი, ახმეტა – 15.5 მლნ ₾.

მეტრო მარჯანიშვილსა და ახმეტელის თეატრს მეორე ამოსასვლელიც ექნება - კალაძე

მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად. პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია.

ოდესის ოლქის ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა ფოთის და ბათუმის პორტებთან მოაწერა ხელი მემორანდუმს

უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა APM Terminals Poti-სთან (Maersk-ის შვილობილი კომპანია) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ პორტის დირექტორმა, ოქსანა კიკტენკომ განაცხადა. მემორანდუმის გაფორმება შუა დერეფანის თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. ანალოგიური მემორანდუმი გაფორმდა ბილგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტსა და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს შორისაც.

„ეს არის ბილგოროდ-დნესტროვსკის პორტის პირველი მემორანდუმი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის – TITR-ის, იგივე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით,“ – აღნიშნა კიკტენკომ.

საქსტატი აღწერის შედეგებს აქვეყნებს - ქვეყანაში 257,000 უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,914,000-ია. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას აღწერაში შესული უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში 6.6%, ანუ 257,000 არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, 3,657,000 არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო 257,000 კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.

საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფანის კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ

ბაქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ყაზახეთის რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტალგატ ალდიბერგენოვი. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal Ltd. საქმიანობა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის თანამშრომლობით 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა და ის "ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის" იურისდიქციაში არის დაფუძნებული.

მხარეთა შორის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩინეთის China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT)-ის ერთობლივ საწარმოში ჩართვა. CRCT „China Railway“-ის შვილობილი კომპანიაა და ის უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება „Middle Corridor Multimodal Ltd.“-ის თანამონაწილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები