მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გვირაბი

გთავაზობთ გასული კვირის 22-28 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

საქართველოს მოსახლეობა შემცირდა

საქსტატმა 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა, შედეგად ქვეყნის მთლიანმა მოსახლეობამ 3.69 მილიონი ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის კლება როგორც უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ განაპირობა, ასევე ქვეყნიდან რეკორდულად გაზრდილმა ემიგრაციამ. კერძოდ, უარყოფითი ბუნებრივი მატება გასულ წელს 2,500-ს შეადგენდა, ემიგრაციის ეფექტი კი უფრო დიდი იყო და 39,200-ს შეადგენდა.

2023 წელს საქართველოდან 245 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, ხოლო 206 ათასი ადამიანი კი იმიგრანტი იყო (ბალანსი მინუს 39 ათასი). უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ვინც ემიგრაციაში წავიდა 163 ათასი იყო, ხოლო იმიგრანტი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 92 ათასი იყო, შესაბამისად, 71 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა

გამოქვეყნდა ტურიზმის პირველი კვარტლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოში 1.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. აქედან ტურისტული ვიზიტები 1.15 მილიონი იყო, რაც წლიურად 8.6%-ით არის გაზრდილი.

ვიზიტების მიხედვით პირველი 5 ქვეყანა ასე ნაწილდება:

  1. თურქეთი - 254,577
  2. რუსეთი - 215,468
  3. სომხეთი - 191,830
  4. აზერბაიჯანი - 51,466
  5. ისრაელი - 46,789.

ქართულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ კვარტალში 712 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 87% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო სამი წამყვანი ბანკის მოგება სექტორის მოგების 91%-ს შეადგენს.

საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგება 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით:

საქართველოს ბანკი - 355 მილიონი ლარი;
თიბისი ბანკი - 266 მილიონი ლარი;
ლიბერთი ბანკი - 25 მილიონი ლარი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების გასაუბრებები გაიმართა

სამშაბათს ორბელიანების სასახლეში ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების - სოსო ბერიკაშვილის; ლაშა ქავთარაძეს; მამუკა ჯიბუტის; ეკატერინე ღაზაძის, გიორგი თაბუაშვილის; არჩილ იაკობაშვილის; ვახტანგ ჭარაიას და ლევან სურგულაძის გასაუბრებები გაიმართა.

მოსმენისას სპეციალური შესარჩევი კომისიის წევრებს კანდიდატებთან კითხვები ჰქონდათ თუ რას მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში პრიორიტეტულად ასევე როგორია მათი დამოკიდებულება სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით.

საბოლოო არჩევანი თუ ვის წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს.

მარტში ეროვნულმა ბანკმა $128 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა გააქტიურა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, Bmatch პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 127.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. აღნიშნული შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მთლიანად 2024 წლის იანვარ-მარტში კი რეზერვების შესყიდვებმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. გზის გავლას 6 წუთი დასჭირდება და ის 4 გვირაბს და 11 ხიდს მოიცავს.

"დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა დასრულდა

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა, რაც 900 მილიონი ლარი დაჯდა, დასრულებულია. მთლიანობაში ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რაც 23 კილომეტრს შეადგენს, 1.2 მილიარდი ლარი ჯდება და ის 2025 წელს უნდა დასრულდეს. ახალი გზა მოძრაობისთვის საჭირო დროს 45 წუთით შეამცირებს, ამასთან ის აღარ იქნება დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, რაც მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსულ კანონზე

ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.

სენატორების წერილი პრემიერ-მინისტრს - ინდივიდუალური სანქციები გამორიცხული არაა

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები