მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ენტონი ბლინკენი

გთავაზობთ გასული კვირის (20-26 მაისის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სავიზო სანქციების რეჟიმი დააწესა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. სანქციები უკავშირდება ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას, დემოკრატიის ძირის გამოთხრას, რუსული კანონის მიღებას, მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას და მოქალაქეთა დაშინების კამპანიას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მათი სია, ვისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდა საჯარო არ იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ძირეულად გადახედავს

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიევროპული და ანტიამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსის დაჭერიდან, ასევე აგენტების კანონის მიღებიდან გამომდინარე, აშშ გეგმავს ძირეულად გადახედოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოლიტიკა.

ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც გასული კვირის პირველ ნახევარში დოლართან მიმართებით 2.71-2.72 ლარის ნიშნულზე იყო, კვირის ბოლოს გაუფასურდა და პარასკევს Bloomberg-ის სისტემაში 2.78 ლარს მიაღწია. ამასთან, კომერციულ ბანკებში აშშ დოლარის ყიდვის ფასი 2.82-2.84 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შეამცირა - სები მოელის რომ წლის ბოლომდე განაკვეთი 7.8%-მდე შემცირდება

22 მაისს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში რეფინანსირების განაკვეთის დონის 7.8%-მდე შემცირება არის მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, ეროვნული ბანკი მოელის, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2024 და 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ამ კლებათა შედეგად განაკვეთი 2025 წლის ბოლოსთვის 7.2%-მდე დაიწევს.

რა მოხდება ტურიზმის სექტორში - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც დარგის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, ეკონომიკის მინისტრს ტურიზმში მდგომარეობის გამოსწორებისთვის "რუსული კანონის" უკან გაწვევა მოსთხოვეს და უწყების ხელმძღვანელს სამოქმედო გეგმის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მინისტრსა და მის მოადგილეებს პასუხი არ ჰქონდათ.

პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა, რკინიგზის გაიზარდა

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 3.2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი 4-ზოლიანი მაგისტრალების მშენებლობაზე პირველი ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობა რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 32-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე 202 მილიონი დოლარის (187 მილიონი ევროს) დახარჯვას გეგმავს. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი გზების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის შესარჩევად.

გზის მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ ზედამხედველი კომპანიის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერიც გზის მშენებელი კომპანიის შესარჩევად. აღნიშნული გზის სიგრძე 32 კილომეტრს შეადგენს და ის მეტწილად არსებული გზის პარალელურად გაივლის. მაგისტრალის მშენებლობის ღირებულების უდიდეს ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით დააფინანსებს.

საქართველოს მთავრობა სომხეთის დამაკავშირებელი სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. 29.3-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ღირებულება 107 მილიონი ევრო, ანუ 115 მილიონი დოლარია, საიდანაც 87 მილიონი ევროს დაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გამოყოფს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი 4 მილიონი ევროს ოდენობით, რათა შეარჩიოს ზედამხედველი კომპანია, რომელიც საინჟინრო სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს. სავარაუდოდ, აღნიშნული კომპანიის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები გზის სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევად.

მირზა გელაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის თავად მირზა გელაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო და ის პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო სანქცირებას არ უკავშირდება.

“არ ვთვლი, რომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროცესებთან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ბუნებრივია, ეს საჯარო სექტორში დასაქმებულების მოტივაციაზე დადებითად არ მოქმედებს", - უთხრა მან Bm.ge-ს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები