მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ლარი

გთავაზობთ გასული კვირის 22-28 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

2024 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში:

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავრობამ 9.9 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტით დადგენილზე 515 მილიონი ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გადაჭარბებით შესრულდა ყველა საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის გეგმა, მათ შორის დამატებული ღირებულების, მოგების, საშემოსავლოსა და აქციზის გადასახადების შესრულება.

2024 წლის პირველ ნახევარში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:

  • დღგ - 3.54 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 102%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 3.27 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 104%;
  • მოგების გადასახადი - 1.73 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 108%;
  • აქციზის გადასახადი - 1.18 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 117%;
  • იმპორტის გადასახადი - 68 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 95%.

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთის" მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორის სტატუსი მიანიჭა, კომპანია გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ არ ჩამოვა, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. კვლევის ფარგლებში ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები და კონკურენციის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული მექანიზმები კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სრულად გაიზიარეს.

თავად "მაგთის" შეფასებით, კვლევა არასწორად ჩატარდა, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კომპანია გეგმავს, რომ მიმართოს სამართლებრივ გზებს, რათა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოხდეს.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "თანაინვესტირების ფონდმა" "54 -მეგავატიანი მტკვარი ჰესის" დაუმთავრებელი პროექტი გაყიდა, - ამის შესახებ საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა.

თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსმა" შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს "გრევითი ინვესთმენთს", რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კი ასევე 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია "ლატერენია", რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის. საგულისხმოა გარემოება, რომ "გრევითი ინვესთმენთი" 2023 წლის 23 მარტს, "ლატერენი" კი 2023 წლის 24 მარტს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსის" დირექტორი კი იურისტი კობა ჩეკურიშვილია.

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 57 მილიარდ ლარს, სადეპოზიტო პორტფელმა კი ₾55 მილიარდს მიაღწია

ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის 54.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.85 მილიარდი ლარით, ანუ 3.49%-ით მეტია. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.95 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით

საკრედიტო პორტფელი გასული თვის განმავლობაში 966 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით გაიზარდა და მან 57.3 მილიარდ ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში ეროვნული ვალუტით დაკრედიტება 786 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების პორტფელი 180 მილიონი ლარით გაიზარდა.

2024 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, კრედიტების გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით.

რომელი საინჟინრო კომპანია ააშენებს ანაკლიის პორტს - ტენდერი სრულდება

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინჟინრო კონტრაქტორს უახლოეს მომავალში გამოავლენს. პორტის საინჟინრო კონტრაქტორის შესარჩევი კონკურსი პორტის ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა და ის უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში პროექტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორ პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა $600 მილიონ დოლარამდე იქნება, პორტის საწყისი გამტარიანობა წლიურად 600,000 კონტეინერისა და 8 მილიონი ტვირთების გატარება უნდა იყოს.

სტეფანწმინდიდან რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ მაგისტრალს ₾212 მილიონად ჩინური კომპანია ააშენებს

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია China Railway Tunnel Group Co გამოვლინდა. კომპანია სახელმწიფოს პროექტის აშენებას 212,548,390 ლარად სთავაზობს. ეს კი გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას გეგმავს - ამისთვის 2024 წლის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.

საქართველო პასპორტის ინდექსში დაწინაურდა

საქართველო 2024 წლის პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა - ამის შესახებ Henley & Partners-ის ინდექსიდან ხდება ცნობილი. შედეგად საქართველოს პასპორტმა მსოფლიოს მასშტაბით 44-ე პოზიცია დაიკავა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს 122 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

ცნობისათვის, შარშან საქართველო ინდექსში 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და უვიზოდ მოგზაურობა მოქალაქეებს 116 ქვეყანაში შეეძლოთ.

ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა, არის ტაილანდი, რაც ასევე ასიახა ინდექსში დაწინაურებაზე. საქართველოს უვიზო რეჟიმი ასევე მიანიჭა ჩინეთმა და პერუმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები