მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 3-9 ნოემბერი

ნათია თურნავა ეკატერინე მიქაბაძე ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკი

გთავაზობთ გასული კვირის - 3-9 ნოემბრის მნიშვნელოვან ამბებს საქართველოს ეკონომიკაში.

სებმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა

საქართველოში 5.2%-მდე გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, 5 ნოემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ მზარდი ინფლაციის ფონზე შეიცვალა ინფლაციის წლიური პროგნოზი და ამჟამად მოელიან, რომ 2025 წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წელს ის 3.5%-მდე შემცირდება. სების წინა პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია 3.8% უნდა ყოფილიყო, ხოლო 2026 წელს კი ის 3.1%-მდე შემცირდებოდა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სებმა ინფლაციის მატების მიუხედავად ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი არ გაზარდა იმიტომ, რომ ინფლაცია მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სურსათის ფასების მატებასთან, რასაც ფასების საერთო დონეზე ერთჯერადი ეფექტი ექნება და ის ეტაპობრივად ამოიწურება.

ოქტომბერში ინფლაცია ორწლიან მაქსიმუმამდე, 5.2%-მდე გაიზარდა

საქსტატის თანახმად, ოქტომბერში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა. ეს როგორც 2025 წლის, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები 11.7%-ით არის მომატებული. ფასები გაზრდილიას ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21%), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%), ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და პურპროდუქტები (12.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9%).

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ $5.6 მილიარდამდე გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვები 37%-ით, ანუ 1.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

რეზერვების მატება ძირითადად სებ-ის მიერ მსხვილი შესყიდვებით არის განპირობებული. 2025 წლის განმავლობაში სებმა უკვე 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა (ოქტომბრის დაზუსტებული მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება). კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეზერვებს ზრდის ოქროს გაძვირებაა. სებ-მა 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო 500 მილიონ დოლარად იყიდა, თუმცა მას შემდეგ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აღნიშნული პორტფელი უკვე 920 მილიონი დოლარი ღირს, შესაბამისად ოქროს გაძვირებამ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 420 მილიონი დოლარით გაზარდა, აქედან მხოლოდ გასულ თვეში ოქროს რეზერვების ღირებულება 43 მილიონი დოლარით გაიზარდა.

2025 წლის ბიუჯეტის ათვისებაში 1.4 მილიარდი ლარის ჩამორჩენაა

2025 წლის 9 თვეში მთავრობამ ბიუჯეტით დაგეგმილი 20.7 მილიარდი ლარიდან 19.3 მილიარდი ლარი აითვისა - ანუ გეგმის 93.3%. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ. გეგმისა და ფაქტობრივი შესრულების სხვაობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ათვისება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშია - დაგეგმილი 713 მილიონი ლარიდან მხოლოდ 475 მილიონი ლარი დაიხარჯა (67%). ძირითადი ჩამორჩენა ფიქსირდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა (100 მილიონის ნაცვლად 38 მილიონი) და ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მოსამზადებელ სამუშაოებზე (102.5 მილიონის ნაცვლად 50.6 მილიონი). ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 9 თვის გეგმის 91% შეასრულა. განსაკუთრებით დიდი ჩამორჩენა აღინიშნა თბილისი-წითელი ხიდისა და თბილისი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც 160 მილიონი ლარის ნაცვლად მხოლოდ 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიზეზად ტენდერის გაჭიანურება სახელდება.

2025 წლის ბიუჯეტის დაბალი ათვისების საპასუხოდ, მთავრობა მის კორექტირებას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო ნოემბრის ბოლოს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა.

"საბოლოო ჯამში, 9 თვის მთლიან შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი ნორმალურად მიდის, თუმცა რიგ პროექტებში შესაძლოა იყოს თანხების აუთვისებლობა. ამიტომ ნოემბრის ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს წარმოვადგენთ, რომლითაც პროექტებსა და პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ინვესტორთა გაურკვევლობას ზრდის - ევროკომისია საქართველოზე

ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით პროგრესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შეზღუდული" იყო. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არსებული კარგი ეკონომიკური ზრდისა, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და ხელისუფლების ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერება 2028 წლამდე, ბიზნესგარემოსთვის მაღალი გაურკვევლობის წყაროდ იქცა.

საქართველოში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37,371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4,958-ით არის შემცირებული. თუმცა იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 156 მილიონი ლარი).

ამასთან, 2025 წლის სექტემბერში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.81%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება გაიზარდა

2025 წლის 9 თვეში ქვეყანაში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 109 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ქვეყანაში მოქმედი მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის მოგებიანობის გაუმჯობესება დაკავშირებულია სექტორის გაზრდილ დამოკიდებულებაზე სალომბარდე დაკრედიტების მიმართულებით. თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხებიდან მისოებმა 126 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, წელს 9 თვეში ამ სეგმენტის საპროცენტო შემოსავალი 202 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მზის პანელების მწარმოებელი ჩინური კომპანია Sungrow საქართველოში 100-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ჩინური ენერგოგიგანტი Sungrow, რომელიც მზის პანელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღლუჯაში 100-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განხორციელება კომპანიის ქართული შვილობილის - "იტეკ მარნეულის" საკუთრებაში არსებულ 1,600,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამოცემული განკარგულებით დაავალა, 31 ოქტომბერს კი კომპანიამ შესაბამისი სკოპინგის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა. პროექტი განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები