გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში 10-16 თებერვალი.
იანვარში საქართველოში $481 მილიონის ნახატები შემოვიდა, რამაც იმპორტის სტატისტიკა შეცვალა
2025 წლის იანვარში საქართველოში 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა, რაც ნახატების იმპორტის რეკორდული ღირებულებაა. შედეგად ნახატებმა საქართველოს იმპორტის მთლიან სტატისტიკაზეც მოახდინა გავლენა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იანვარში საქართველოს იმპორტი 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 45%-იანი ზრდაა, ნახატების გარეშე კი საქართველოს იმპორტი მხოლოდ $1.1 მილიარდი იქნებოდა (ზრდა 1.7%) ნახატების იმპორტზე მალევე გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო შემოტანილი. თანაც 2024 წელს მიღებული ოფშორების კანონით, რითიც მისი იმპორტიორი 242 მილიონი ლარის დღგ-ის გადახდას დაზოგავდა. ამ ფაქტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, რომელიც აცხადებს, რომ არაფერი ცუდი არ ხდება თუკი თავად ამ კანონის მიღების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა ან თუკი თავად ისარგებლებდა ამ კანონით მონიჭებული უფლებებით.
"რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
შედარებისთვის ყველა მოქალაქის მიერ გამოწერილი ამანათი, თუკი 300 ლარს აჭარბებს 18%-იანი დღგ-ით იბეგრება.
2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით გაიზარდა და მან 404 მილიონ დოლარს მიაღწია.
ჯერჯერობით უცნობია რამ განაპირობა აღნიშნული მატება, რადგან იმპორტის დეტალური სტატისტიკა 19 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს.
ეროვნულ ბანკს ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს
ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა.
ამასთან, სებ-ის საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო ამჟამად 9 წევრითაა დაკომპლექტებული.
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა, თუმცა ის 5 წლის წინანდელზე დაბალია
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ქულა უფრო დაბალია, ვიდრე ის იყო წინა წლებში, მაგალითად 2016 წელს ის 57-ით ფასდებოდა, 2018 წელს კი 58-ით, მას შემდეგ კი კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიციები თანდათანობით გაუარესდა და 2023 წელს 53-მდე ჩამოვიდა. აღნიშნული ქულა შენარჩუნდა 2024 წელსაც.
ევროპარლამენტმა რეზოლუციით ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდა
13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკომისიას ივანიშვილის გარდა, მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდა. კერძოდ, არის მოწოდება სანქციები დაუწესდეს: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა, ალექსანდრე, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილებს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს.
2025 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 18 მილიონი დოლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 18.3 მილიონი დოლარით იკლო და 4.43 მილიონი დოლარი შეადგინა.
ერთწლიან ჭრილში კი რეზერვების მოცულობა 423 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
2025 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა შემცირდა
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება გაიზარდა - ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვიდან ვიგებთ.
„2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 7.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი."- ნათქვამია მიმოხილვაში.
თბილისის მეტროს ტენდერი გრძელდება - ვინ წარადგინეს წინადადებები
თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების საერთაშორისო ტენდერში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია. გასულ კვირაში წინადადებების გახსნა მოხდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 616 მილიონი ლარია და მის ფარგლებში 97 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება.
ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობს:
- ŠKODA TRANSPORTATION a.s. – სიმბოლური ფასი 1 ლარი, რეალური ღირებულება სავარაუდოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაშია მითითებული, რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
- ჯი-თი ჯგუფი, CRRC – 392.8 მილიონი ლარი;
- ყაზახური კომპანია Kamkor Locomotive – 556 მილიონი ლარი, დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად უცნობია რა სპეციფიკაციის მატარებლების მიწოდებას სთავაზობს კომპანია საქართველოს. BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით თუ რომელი მწარმოებლის ვაგონების მიწოდებას სთავაზობენ თბილისის მერიას.
მერიას ჯერჯერობით წარდგენილი წინადადებების შესახებ არ უმსჯელია.