გთავაზობთ გასული კვირის (28 ივლისი - 3 აგვისტოს) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
ივნისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.3%-მდე შენელდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.
6.3% არის 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა. საქსტატის თანახმად, ეკონომიკის უმეტეს სექტორებში ივნისში ზრდა დაფიქსირდა, თუმცა კლება იყო მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გააუმჯობესა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ ივნისში ინფლაციის 4%-მდე მატება მოითხოვს რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით ფრთხილ მიდგომას, რის გამოც ამჟამად განაკვეთის შემცირება მიზანშეწონილი არაა. ამასთან, სებ-ი მიუთითებს რომ წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 3.8% იქნება.
ამასთან, სებ-ი აღნიშნავს რომ გადახედეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და 2025 წელს საქართველოში 6.7%-ის ნაცვლად 7.4%-იან ზრდას მოელიან.
საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის პორტზე ბობ მეიერის დავაზე განაჩენი გამოიტანა
2025 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორის ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 64 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას შეეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ბობ მეიერს სახელმწიფოსთვის იურიდიული ხარჯების ანაზღაურების, ასევე არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილის მფლობელი აღარაა
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.
ბანკის კვარტალური ანგარიშის თანახმად, ერთადერთი აქციონერი რომელიც "ქართუ ბანკის" 35%-ს ფლობს უტა ივანიშვილია, ხოლო სხვა არცერთი აქციონერი ბანკის 5%-ზე მეტ წილს არ ფლობს. შესაბამისად, სხვა არცერთი აქციონერი არ ფლობს "ქართუ ფონდის" და "ქართუ ჯგუფის" 5%-ზე მეტ აქციებს.
თბილისის ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით გაიზარდა
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით იზრდება და მან 2.35 მილიარდ ლარს მიაღწია - შესაბამისი ცვლილება საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტის უკვე მესამე კორექტირებაა. თავდაპირველად იანვარში ბიუჯეტს 180 მილიონი ლარი დაემატა, ხოლო ივნისში ის დამატებით 62 მილიონი ლარით გაიზარდა.
თბილისის მერიის ბიუჯეტის მიხედვით, 77 მილიონი ლარიდან 50.4 მილიონი ლარი საგანმანათლებლო მიმართულებას დაემატა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 357 მილიონი ლარი გახდა. ბიუჯეტს დაემატა ახალი პროგრამა - საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზედაც 39 მილიონი ლარი დაიხარჯება, ასევე ახალი პროგრამაა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, რაზედაც დამატებით 9 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
1 აგვისტოდან არაჰეჯირებული პირებისთვის 750,000 ლარამდე ოდენობის სესხების აღება მხოლოდ ლარში გახდა შესაძლებელი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა. ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო და განმარტა, რომ ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს. საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა.
"ნიკორა ტრეიდმა" 120 მილიონი ლარის ობლიგაცია განათავსა
„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
თავდაცვის სამინისტროდან 1.3 მლნ-ის მითვისების საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას და ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ტომოგრაფიის აპარატის რეალურ ღირებულებას ასახავს. მისი თქმით, ბრალდებულთა ქმედება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას უკავშირდება, რაც პატიმრობის გამოყენების საფუძველს ქმნის.




























