მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 5-11 იანვარი

ფული ლარი

გთავაზობთ საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს 5-11 იანვრისთვის.

საქართველოს სავალუტო რეზერვები 6.16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების დეკემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რეზერვების მოცულობა გასული თვის განმავლობაში 342.6 მილიონი დოლარით, 6.16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთწლიან ჭრილში სავალუტო რეზერვების მოცულობა 38%-ით არის გაზრდილი. რეზერვების მატებას ორი მთავარი ფაქტორი - სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა და საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის მატება განაპირობებს. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სებმა სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა. დეკემბრის შესყიდვების შესახებ კი ინფორმაციას სებ-ი 26 იანვარს გამოაქვეყნებს. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს (1,002.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და 502.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

წლიური ინფლაცია დეკემბერში 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე.

მთავრობამ სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით პრივატიზების ახალი წესი დაადგინა - ქონება აუქციონის გარეშე გაიყიდება, თუკი საინვესტიციო ვალდებულება მინიმუმ 100 მილიონი ლარი იქნება

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ახალი წინაპირობები დაადგინა. "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 12 იანვრიდან შედის, განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემათ.

ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია:

  • ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელია, თუ მყიდველი აიღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს (დღგ-ს გარეშე).
  • თუ ბიზნესმენს უკვე აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც 100 მილიონი ლარი უკვე დააბანდა (რაც აუდიტით უნდა დადასტურდეს) და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოში მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე და რკინიგზის გენერალური დირექტორი შევიდნენ

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის კომპანიას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, მთავრობის საკუთრებაში არსებულ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში 2025 წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელებული ცვლილებით შევიდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ამასთან, 30 დეკემბერს გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ თამარ იოსელიანი აირჩიეს. თამარ იოსელიანი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2023-2024 წელსაც იყო, თუმცა 2025 წელს საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა, 2025 წლის დეკემბერში კი ის ის კვლავ ამ თანამდებობაზე დაბრუნდა.

2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია.

ვინ შეისწავლის სასურსათო ფასებს - მთავრობამ კომისია შექმნა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 30 დეკემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომისია ძირითადად მინისტრებისგანაა დაკომპლექტდება, მასში მონაწილეობას ასევე მიიღებს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
  • მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი:
  • დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურწეობის მინისტრი – კომისიის წევრი;
  • ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
  • მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევწილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
  • მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო “უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
  • ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი;
  • ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის, Marinera-ს ქართველ ეკიპაჟზე განცხადებას აკეთებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.

"ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით,"- ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთ-აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, 33 მლრდ მ³-ის გაზის ტრანსპორტირებაზე ახალი შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის საერთო მოცულობა 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან თურქეთში ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდება.

Report-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალპარსლან ბაირაქტარმა განაცხადა. მისი სიტყვებით, შეთანხმების ფარგლებში, 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე „აფშერონის“ საბადოდან 2,25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მოხდება. კონტრაქტი 2029 წლიდან შევა ძალაში დაიწყება და 2040 წლამდე გაგრძელდება.

საქართველო Inter Rao-ს არბიტრაჟში წაგებულ $139-მილიონიან კომპენსაციას გადაუხდის - შეთანხმება ხელმოწერილია

საქართველოს მთავრობა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-ს საერთაშორისო არბიტრაჟში დაკისრებულ კომპენსაციას გადაუხდის. 2025 წლის 24 დეკემბერს მთავრობასა და Inter Rao-ს შორის კომპენსაციის მომსახურების თაობაზე შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, საქართველო პირველ გადახდას 2025 წლის 31 დეკემბერს განახორციელებს, ბოლო, მეშვიდე გადახდას კი 2028 წლის 10 ივლისს.

საქმე უკავშირდება ორ პარალელურ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც საქართველომ Inter Rao-სთან წააგო. კერძოდ კი 2021 წლის 24 დეკემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო პალატამ საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ $111 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რასაც კომპენსაციის სრულ დაფარვამდე საპროცენტო განაკვეთი SOFR+2% დაერიცხებოდა. აღნიშნული განაჩენი საქართველომ აპელაციაში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. შესაბამისად, 2021 წლის შემდგომ აღნიშნული სარგებელი დაახლოებით 27 მილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ამჟამად განაჩენი $139-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს.

2026 წელს საქართველო 3.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს - მთავრობამ გაზის ბალანსი დაამტკიცა

ეკონომიკის სამინისტრო 2026 წელს 3 340 707 000 კუბური მეტრი გაზის მიღებას ელის. ეს თითქმის იმდენივეა, რაც 2025 წლის საპროგნოზო მოცულობა იყო (3,322 მლრდ კუბური მეტრი). სამინისტრომ ბუნებრივი გაზის ბალანსი უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მისაღები გაზის 87,6% აზერბაიჯანული გაზია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან საქართველო 2 926 649 000 კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც 1.167 მილიარდი კუბური მეტრი "შაჰდენიზის" ოფციური გაზია, 478.2 მლნ კუბური მეტრი კი დამატებითი გაზი. დანარჩენს ანუ 1.281 მლრდ კუბურ მეტრს საქართველო "სოკარისგან" შეიძენს.

ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, რუსეთიდან 400 მლნ კუბური მეტრი გაზს შევიძენთ, 14.05 მლნ კუბური მეტრი კი ადგილობრივი წარმოებაა.

გაზის მიწოდების პროგნოზი/2026 წელი

  • შაჰ-დენიზის საბადო ( ოფციური) - 1 167 398 000 მ3
  • შაჰ-დენიზის საბადო (დამატებითი) - 478 225 000 მ3
  • სოკარი - 1 281 026 000 მ3
  • რუსეთი - 400 000 000 მ3
  • ადგილობრივი მოპოვება 14 058 000 მ3.

31 დეკემბერს გამოცხადდა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის 490-მილიონიანი ტენდერი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 490 017 333 ლარია. პროექტის დონორი კი აზიის განვითარების ბანკია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. "მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.4 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. ზაჰესის გავლით არსებული გზის განახლების შეუძლებლობის გამო, გვირაბი პირდაპირ შემოვლით გზას ქმნის აღმოსავლეთის მიმართულებით. გვირაბი ორმაგი კამერითაა დაგეგმილი, სადაც მილებს შორის უზრუნველყოფილია კავშირი კომუნიკაციისა და უსაფრთხოებისათვის. მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე (მათ გარეშე, რაც მოიცავს ტროტუარებს) უზრუნველყოფილია 5.00 მ ვერტიკალური ჰაერის სივრცე. გვირაბში დიზაინის სიჩქარე შეზღუდულია 80 კმ/სთ-მდე (საქართველოში მოქმედი ზოგადი წესი). მაქსიმალური გრძივი დაქანება გვირაბში შეადგენს 1.1%-ს. წიწამურის პორტალის საწყისი ნიშნული ზღვის დონიდან არის 498.99 მ, ხოლო ავჭალის პორტალის – 479.10 მ. გვირაბის მაქსიმალური მიწის საფარი დაახლოებით 200 მ-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები