მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 8-14 სექტემბერი

FDI

გთავაზობთ გასული კვირის - 8-14 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

3-თვიანი პაუზის შემდეგ მთავრობის სხდომა გაიმართა

8 სექტემბერს 3-თვიანი პაუზის შემდეგ "ოცნების" მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 7 საკითხიდან 6 ეკონომიკასა და ფინანსებს უკავშირდებოდა. ერთი საკითხი კი საიდუმლო იყო.

II კვარტალში FDI 12%-ით, $580.1 მლნ-მდე შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

კონკრეტულად II კვარტალში სტრუქტურულად, სააქციო კაპიტალის ფორმით განხორციელებულმა ინვესტიციებმა 123.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (FDI-ის 21.3%), ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ აშშ დოლარი (80.4%).

2025 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს შეადგენს.

მთავრობამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მოსავლის მართვის კომპანიისთვის 50 მლნ ლარის სუბსიდიის გადაცემა დაავალა

მთავრობაში "რთველი 2025"-ის ფარგლებში წელს 200-250 ათასი ტონა ყურძნის მოსავლის აღების მოლოდინი აქვთ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

გაზიფიცირების ახალი პროექტები მიწის ქვეშ განხორციელდება

გაზიფიცირების ახალი პროექტები მიწის ქვეშ განხორციელდება - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის 8 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.

"როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგმა ₾7.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7.4 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის საინვესტიციო პორტფელების შედეგების თანახმად, აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა.

აგვისტოში, ყველაზე მაღალი - 1.98%-იანი - ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1.51% და 1.22%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10 სექტემბრის სხდომაზე უცვლელად მეთორმეტედ დატოვა. 2024 წლის 22 მაისის შემდეგ განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაცია 2025 წელს დროებით მიზნობრივი 3%-იანი დონიდან მაღლა დარჩება და სავარაუდოდ 3.8%-ს მიაღწევს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

ირაკლი კობახიძეს უხელფასოდ ორი მრჩეველი დარჩა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ორი მრჩეველი დარჩა.

როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი კობახიძის უფასო მრჩევლებად ლევან იზორია და ანრი ოხანაშვილი რჩებიან. პირველი რჩევებს განათლების საკითხებში აძლევს, მეორე კი - უსაფრთხოების საკითხებში.

ირაკლი კობახიძის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი აღარ არის ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეს სტატუსი ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ივნისში მიიღო, მაგრამ ის ეკონომიკური საბჭოს მდივნად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები