მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

630b864642939
BM.GE
28.08.22 19:10
848
გთავაზობთ გასული კვირის (22 – 27 აგვისტო, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2022 წლის I კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა
2. საქსტატის კვლევა 2021 წლის სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ
3. მსოფლიო ბანკმა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა
4. 2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა, ხოლო ბინადრობის უფლება რუსეთის 2 000 მოქალაქეს მიენიჭა
5. 2022 წელს საქართველო ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს
6. 2022 წლის პირველ ნახევარში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული რეკორდული მოცულობის ხელფასები
7. მობილური კომპანიების შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის სტატიტიკა 2022 წლის II კვარტალში
8. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ ვალდებულებას უწესებს
9. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
10. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგები და "რომპეტროლი''-ს პასუხი სააგენტოს


1. 2022 წლის I კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან 515.2 ათასი საქართველოს რეზიდენტი გავიდა საზღვარგარეთ მოგზაურების მიზნით, რაც 4.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა (მთლიანი ვიზიტების 55.7%) და რუსეთის ფედერაციაში (10.7%). აღნიშნულ პერიოდში ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 124.7 ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RhL5zq; https://bit.ly/3cyi1oi; https://bit.ly/3ARkNOP

2. საქსტატის კვლევა 2021 წლის სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ

საქსტატის კვლევის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 726 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ფლობდნენ 1 776 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას „ინდივიდულური მეწარმე“ (მთლიანი რაოდენობის 53.3%) წარმოადგენდა. სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს ძირითადად რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდნენ, ხოლო განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე წარმოადგენდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KsXIoM 

3. მსოფლიო ბანკმა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიო ბანკის შემაჯამებელ ანგარიშში მოცემულია მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები. სოფლის მეურნეობას განიხილავენ როგორც ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მქონე სექტორს. გამოწვევებად კი დასახელებულია სოფლად სიღარიბისა და ეკონომიკური უთანასწორობის მაღალი დონე, ამასთან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, კვლავაც, დაბალ პროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო სფეროებში მუშაობს. სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად კი წყლისა და მიწის რესურსების მდგრად გამოყენებას მიიჩნევენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Aw5yJI 

4. 2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა, ხოლო ბინადრობის უფლება რუსეთის 2 000 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის პირველი იანვრიდან 4 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით საქართველოში 601 კომპანია დაფუძნდა. ხოლო დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლება რუსეთის ფედერაციის 1 988 მოქალაქეს მიენიჭა. ამ პერიოდისათვის, ჯამში ბინადრობის უფლების მისაღებად იუსტიციის სამინისტროს რუსეთის 2 824-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც 475 განაცხადზე უარი გაიცა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3TjjRKp ; https://bit.ly/3TouWK4 


5. 2022 წელს საქართველო ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს

2022 წლის პირველ 7 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. ექსპორტის 93% კი თურქეთზე მოდის. ეკონომიკის სამინისტრომ 24 აგვისტოს ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი განაახლა, რომლის მიხედვითაც ექსპორტის მაღალი ტემპი აგვისტოშიც შენარჩუნდება, ხოლო წელს საქართველო ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს. ჯამში წლიური ექსპორტი 897,8 მლნ კვტ იქნება, რაც წინა პროგნოზს 15%-ით აღემატება

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pUHxHm ; https://bit.ly/3AQOmQx 

6. 2022 წლის პირველ ნახევარში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული რეკორდული მოცულობის ხელფასები

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2022 წლის პირველ ნახევარში 195 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 42 მილიონით აღემატება. თუმცა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში. ამავე პერიოდთი შტატში მყოფი მოხელეების სახელფასო ჯამში 865.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება სახელწიფოს ოფისების შენახვას, კერძოდ ოფისების კომუნალური მომსახურებისა და მათი აღჭურვა მომარაგების ხარჯებს, მასზე რეკორდულად ძვირი - 145.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ArL598 ; https://bit.ly/3RdweFV 

7. მობილური კომპანიების შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის სტატიტიკა 2022 წლის II კვარტალში

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, II კვარტალში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა წლიურად თითქმის 10%-ით, 5.7 მლნ-მდე გაიზარდა. შემოსავლების მოცულობა კი 167 მლნ ლარამდე გაიზარდა. აბონენტებისა და შემოსავლების მიხედვით მაგთიკომი ლიდერობს, რომელმაც მოცემულ პერიოდში 81.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო აბონენტების რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით 2.4 მლნ-მდე არის გაზრდილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Rhn0Zg ; https://bit.ly/3RiV6ML ; https://bit.ly/3KqXaQo;  https://bit.ly/3KrXlLo 

8. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ ვალდებულებას უწესებს

ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე დაწესებული ვალდებულების მიხედვით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არანაკლებ 33% განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან, ხოლო 2025 წლის 1 ივნისამდე ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 40% განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან. ამასთან სამეთვალყურეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CBezE9 

9. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი ჯამში საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 183%-ით არის გაზრდილი. აპლიკაციების უმრავლესობა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაზე: საფრანგეთზე (2 725); გერმანიაზე (2 455); იტალიაზე (1 100); ირლანდიაზე (420) და ბელგიაზე (315) მოდის. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავად საქართველოში გაიზარდა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა, რამაც გაზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CD5dI3 

10. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგები და "რომპეტროლი''-ს პასუხი სააგენტოს

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში ეწერა, რომ ,,რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიები საწვავს ერთნაირ ფასად ყიდიან.’’ აღნიშნულ დასკვნას "რომპეტროლის" ხელმძღვანელობამ განცხადებით უპასუხა, კერძოდ, ფასთა სხვაობის შესაძლო მიზეზად საბითუმო გაყიდვების ნაწილში წინასწარ დადებული შეკვეთები დაასახელეს, რომელიც შეკვეთის დროს არსებული ფასით გაკეთდა. ამასთან, კომპანია რუსეთიდან საწვავის შემოტანას არ აპირებს.

SOCAR Georgia Petroleum-ის გენერალური დირექტორის, ნოდარ ყანჩაველის განცხადებით ადგილობრივ ბაზართან შედარებით დაბალი ფასები SOCAR-ის მოგების მცირე მარჟითაა განპირობებული, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ხელსაყრელი ფასები შესთავაზოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AUTW4M ; https://bit.ly/3CA6oYP ; https://bit.ly/3clMzdb ; https://bit.ly/3pVwuh6 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები