მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

626eb1150f3e6
ირაკლი მაკალათია
01.05.22 20:16
1311
რუსეთის უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა, თუმცა საქართველოს მთავრობა არც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და შეზღუდვების დაწესებას არც სამომავლოდ გეგმავს. გასულ კვირას კი "კიბერკამარას" სახელით, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, სადაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ვლადიმირ ევტუშენკოვის წარმომადგენელ ალი უზდენოვთან პირდაპირი შეხვედრა არ ჰქონია, არ იმყოფებოდა თბილისში და "ბიზნესმენ დავით ხიდაშელს ურჩია, რომ ალი უზდენოვთან ერთად შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაემართა".

რაც შეეხება გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიახლეებს, გთავაზობთ (25 - 30 აპრილი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა
2. საქართველომ EU-ს კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო, ხოლო მეორე ნაწილი 13 მაისამდე უნდა გაუგზავნოს
3. საერთაშორისო სანქციების გამო გაჩერებული “ბორჯომი”-ს წარმოება
4. IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეკონომიკური ნაწილი
5. ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების პასუხი საწვავის შემცირებაზე და კონკურენციის სააგენტოს მიერ წარსადგენი ანგარიში საწვავის ფასების შესახებ
6. მთავრობის მიერ კორუფციული რისკებით ჩატარებული რთველი
7. 49-წლიანი იჯარით აღებული ტყის მასივი რაჭაში
8. მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა
9. მარტის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში რეკორდული მოცულობის დეპოზიტები განათავსეს
10. პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

1. მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა

2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 14.4% შეადგინა. რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, საბაზისო 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 11.9%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.2% იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Mz6txE


2. საქართველომ EU-ს კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო, ხოლო მეორე ნაწილი 13 მაისამდე უნდა გაუგზავნოს

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის პირველი ნაწილი მოამზადა, რომელსაც ევროკომისიას 2 მაისს გაუგზავნიან. კითხვარის მეორე ნაწილის გაგზავნის თარიღი კი 13 მაისია, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39ypMsR; https://bit.ly/38BwjCq



3. საერთაშორისო სანქციების გამო გაჩერებული “ბორჯომია” წარმოება

საერთაშორისო სანქციების გამო მარტში “ბორჯომის” საბანკო ანგარიშები გაიყინა და კომპანიამაც ოპერირება გააჩერა. 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს, რომელმაც საკონტროლო პაკეტი პატარკაციშვილების ოჯახისგან 460 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვედრილი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ 2020 წლის შემოსავლის 35% კი რუსეთში გატანილი ექსპორტიდან მოდიოდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kuInrR; https://bit.ly/3F2yr2i; https://bit.ly/3kMr1a; https://bit.ly/3Kz2P5B


4. IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეკონომიკური ნაწილი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები მთავარ პრობლემად უმუშევრობას (40%), მაღალ ფასებს (18%) და სიღარიბეს, მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ კი რუსეთს ასახელებენ (გამოკითხულთა 83%), ეკონომიკურთან ერთად, გამოკითხულებისთვის საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკურ საფრთხეს ასევე რუსეთია (83%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sqPXs3; https://bit.ly/3LB8c5w

5. ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების პასუხი საწვავის შემცირებაზე და კონკურენციის სააგენტოს მიერ წარსადგენი ანგარიში საწვავის ფასების შესახებ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საწვავის იმპორტიორებისთვის ფასის “კორექტირებისკენ” მოწოდების შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ფასის კლებას არ მოელის. პრემიერის ინიციატივით კი კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში ეკონომიკურ საბჭოს15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KzkolT; https://bit.ly/3OOe90T


6. მთავრობის მიერ კორუფციული რისკებით ჩატარებული რთველი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებით, 2021 წელს მთავრობამ რთველის დაფინანსებაზე 138 მილიონი ლარი დახარჯა, თავად პროცესი კი გაუმჭვირვალობით გამოირჩეოდა და კორუფციის მომეტებულ რისკებს შეიცავდა, კერძოდ კი უპირატესობა ენიჭებოდათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს, ასევე სუბსიდიის მიმღები კომპანიები გრანტებს იღებენ სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში” და სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3F3BtTJ


7. 49-წლიანი იჯარით აღებული ტყის მასივი რაჭაში

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ მისმა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი, 1.1 მილიონ ლარად, 49-წლიანი იჯარით აიღო. აღნიშნული მასივი რაჭის ფართობის ერთი მესამედია. ბიზნესმენი ტყის მასივში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სანადირო მეურნეობის მოწყობას გეგმავს. ,,დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Intracom-ის დირექტორია’’, რომელმაც აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად იყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LEAgoI


8. მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან 8 მილიონი დოლარად გამოისყიდა. პრემიერს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ინვესტორისგან გამოიყიდა ეს აქტივი, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობას "მომავლის წყალტუბო"-ს გეგმა კარგად აქვს გააზრებული და მას ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო ადგილად აქცევენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3F0nsq4


9.მარტის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში რეკორდული მოცულობის დეპოზიტები განათავსეს

მარტში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 1.7 მილიარდი ლარის დეპოზიტები განათავსეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა აღნიშნულ სტატისტიკაში ეროვნულ ბანკს არ აქვს ჩაშლილად წარმოდგენილი, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა განათავსეს დეპოზიტები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ON1knz


10. პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდა, პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანია პორტში შემომავალი გემებისგან შესაბამისი საკომისიოს აკრეფას ვეღარ შეძლებს, რაც კომპანიისთვის დიდი ფინანსურ დანაკარგი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3y8G1H4

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები