მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5fd64e1b267fd
ირაკლი მაკალათია
13.12.20 21:18
1228
11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მე-10 მოწვევის განახლებული და ,,განახევრებული’’ პარლამენტის პირველ სხდომა ჩატარდა, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნების" 88 დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდმა ნაწილმა არჩევნების გაყალბების მოტივით უარი განაცხადა მანდატებზე და პარლამენტში არ შევიდნენ. პარლამენტის პირველ სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. პირველ დღეს მოხდა 15 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაც. საქართველოს რეალობაში პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ხშირ შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური გარემო განსაზღვრავს კიდეც საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას, ამ მხრივ კი მრავალპარტიული პარლამენტი უალტერნატივოა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი ოპოზიციური ფლანგების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
რაც შეეხება კვირის მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებს, გთავაზობთ კვირის TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას (7 - 12 დეკემბერი, 2020)

1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,6%-ით შემცირდა
2. ISET-ისა და Galt & Taggart-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა.
4. აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს
5. საერთაშორისო დახმარებები და პროექტები
6. თიბისი კაპიტალის კვლევის შედეგები
7. რა პროცედურების გავლაა საჭირო 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად
8. ბიზნესასოციაციები გაზის ტარიფის გაძვირებაზე განმარტებას ითხოვს
9. ავიარეისები რომლებიც ახალი წლის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება
10. ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა

1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,6%-ით შემცირდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,6%-ით ნაკლებია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ. აშშ დოლარით, ნიდერლანდი 79.3 მლნ. აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ. აშშ დოლარით. სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია.
დღეს როცა მსხვილი ფინანსური ინვესტორი შემოდის, მას ძირითადად გარიგების დადება უწევს სახელმწიფოსთან, ან მთავრობის გავლით კერძო სექტორთან. რის გამოც ეჯახებიან ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც აჭიანურებს პროცესებს და ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს. ამიტომაც ინვესტიციებს უნდა იზიდავდეს კერძო სექტორი, სადაც ორი ბიზნეს სუბიექტი: ადგილობრივი მწარმოებელი და ინვესტორი ხვდებიან ერთმანეთს და მესამე ძალის, ანუ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ახდენენ ბიზნეს გარიგებას, რაც ეკონომიკურად არის ეფექტიანი და ორივე მხარისთვის მომგებიანი. ჯანსაღი საინვესტიციო გარემო სამ ფუნდამენტურ საკითხზე უნდა იდგეს: კერძო საკუთრების დამკვიდრება ქვეყანაში, დაბალი და გამჭირვალე საგადასახადო სისტემა; გამართული სასამართლო სისტემა, სადაც კერძო საკუთრებისა და ბიზნესის დაცვის მაქსიმალური გარანტიებია, ქმნის იდეალურ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3m9bvmQ; https://bit.ly/2KfwZ4d

2. ISET-ისა და Galt & Taggart-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

2021 წლისთვის ეროვნული ბანკის პროგნოზით საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, ის 4.3%-ზეა. მთავრობის ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებენ ISET და Galt & Taggart. Galt & Taggart-ის პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი 50%-ით აღდგება 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო სხვა შემთხვევასი მაქსიმუმ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2020 წლის ბოლოს ეკონომიკის 4.4%-ით შემცირებას ელის, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში 1,4%-იანი კლებას პროგნოზირებენ. აქვე აღნიშნავენ, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების გამო, ადგილობრივ და საერთასორისო კვლევით ორგანიზაციებს მათი პროგნოზების გადახედვა მოუწევთ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37iHPQd

3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა

9 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. არ მომხდარა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ საზოგადოება და ბანკებმა მიმოიხილა -,,2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 123 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც არ გაძვირებულა. 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 400-ით არის გაზრდილი, ხოლო რაოდენობრივად პირველ ადგილზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qUQlwc; https://bit.ly/3oNVog6

4. აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

ამერიკის საელჩოს განცხადებით აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. როგორც განცხადებაში წერია ,,აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას". აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ დადებითია იმ მხრივ, რომ მიანიშნებს პარტნიორი ქვეყნის გააქტიურებას საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოს რეალობასაც გვაჩვენებს, თუ რამდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mh5owK

5. საერთაშორისო დახმარებები და პროექტები

საქართველოს დახმარებას კვლავ განაგრძობს საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აზიის განვითარების ბანკის პროგრამები. ევროკავშირი საქართველოში 9 ახალ პროექტს იწყებს, რომელთა ჯამური ბიუჯეტიც 7 მლნ ევრო იქნება. პროექტები “განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ათასობით საქართველოს მოქალაქისათვის სამუშაო ადგილების მოძიება.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) კი საქართველოს გამოუყოფს 70 მილიონი აშშ დოლარის სესხს, რომელიც მიმართული იქნება განათლების რეფორმის მხარდაჭერისკენ. ორივე აღნიშნული პროგრამა მიმართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მხარდაჭერისა და სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oNtPDS; https://bit.ly/3a41CEu

6. თიბისი კაპიტალის კვლევის შედეგები

11 დეკემბერს თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა მორიგი კვლევა, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს იკვლევს. პირველი ნაწილი ეთმობა, მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირებას, კვლევის მიხედვით ივლისიდან გაცემული იპოთეკური სესხების 35% მთავრობის სუბსიდირებულია. ფულადი შემოდინებები 30 ნოემბერი-6 დეკემბრის პერიოდში წინა წლის ნიშნულს გაუტოლდა. განსაკუთებით მაღალი ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. კვლევა ასევე მოიცავს სასტუმროების დატვირთულობის დონის შესწავლას. სადაც იკვეთება, რომ დეკემბერში ზღვისპირა სასტუმროების დატვირთულობა 1%-ია, თბილისში - 3%, და სხვა რეგიონებში 6%, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი - 7% დაფიქსირდა.

ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ: https://bit.ly/3ngnyAf; https://bit.ly/3qRmbdf; https://bit.ly/2Wcpqhi

7. რა პროცედურების გავლაა საჭირო 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომითითება, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების აღება. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 24 დეკემბერი. საქართველოს მთავრობის შეფასებით, დახმარების ბენეფიციარი დაახლოებით 100-110 ათასი მოქალაქე უნდა იყოს. რეგისტრაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში, თუმცა აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რამაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. რეგისტრაციისთვის საჭიროა, რომ მომხმარებელი Internet Explorer-ის ბრაუზერს იყენებდეს. თანამედროვე პირობებში როცა ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა უკვე Google Chrome-ს იყენებს, მთავრობა კომპენსაციების გაცემას მაინც ძველი ბრაუზერით გეგმავს.

კომპენსაციის მიღების შესახებ დეტალურად: https://bit.ly/2JPsGNl

8. ბიზნესასოციაციები გაზის ტარიფის გაძვირებაზე განმარტებას ითხოვს

2021 წლის 3 იანვრიდან, თბილისში პურის საწარმოების გარდა კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება და 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე იმატებს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა უკვე დაანონსეს მათი მომსახურების შესაძლო გაძვირება. რადგან მათივე განცხადებით გაზი რესტორნებისთვის შედარებით ძვირი ელექტროენერგიის ალტერნატივა იყო.

გაძვირებასთან დაკავშირებით შვიდმა ბიზნესასოციაციამ უკვე მიმართა “თბილისი ენერჯის” და გაძვირების მიზეზებზე განმარტების გაკეთება მოითხოვეს. როგორც განცხადებაში განმარტავენ, კარგად ესმით ლარის გაუფასურების საკითხის პრობლემურობა, თუმცა ასოციაცები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და განმარტებას ითხოვენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oOyVQ4

9. ავიარეისები რომლებიც ახალი წლის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება

18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. რეგულაციების თანახმად, საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს ჩატარებული უნდა ჰქონდეტ PCR კვლევა, ხოლო საზღვრის კვეთის შემდეგ დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/383d2FQ 

10. ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა

ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა. თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით მოძრავმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოს საზღვარი 8 დეკემბერს გადმოკვეთა. ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროსი აცხადებენ, საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა როგორც გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით, ასევე განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით. ცხადია ეს მოვლენა დადებითი ფაქტორია სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისათვის, მთავარია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ამ შესაძლებლობის ათვისება და ეკონომიკურ კეთილდღეობად ქცევა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nsn765

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები