ლარის მცირედი ცვლილებები ჯდება გლობალურ კონტექსტში და ამ მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება ასეთი მაღალი დოზებით შეიძლება არ იყოს ოპტიმალური გამოსავალი, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
„როცა 2.67 იქნება ლარი და 2.68 გახდება, ამ დროს ინტერვენციების გაკეთება არ არის სწორი. ეს ოპტიმალური გამოსავალი არ არის. სექტემბერში ვნახეთ ეროვნული ბანკის ინტერვენციები, ასევე ბიმაჩის პლატფორმაზეც იყო გაყიდვები და იმაზე მეტი, ვიდრე ყიდვები განახორციელა. მაშინ სენტიმენტების ჩაქრობისთვის სწორი გათვლები იყო და იმუშავა. წინა კვირის ბოლოს განხორციელდა ინტერვენცია და წინა პრეს-რელიზებიდან განსხვავებით, ახლა დამატებული იყო ახსნა-განმარტება, რომ თუ რა მიზანშეწონილობით იყო გამოტანილი ეს ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია.
ჩვენ ისედაც ვიცით, რომ სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკი გამოდის მაშინ, როცა ერთჯერადი ზეწოლა არის ლარზე, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ერთ-ერთი მსხვილი ტრანზაქცია იყო და ამ მიზნით იყო განხორციელებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ლარის მცირედი ცვლილებები წლის ბოლომდე, ჯდება გლობალურ კონტექსტში და ამ მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება ასეთი მაღალი დოზებით შეიძლება არ იყოს ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება რეზერვები, არავინ ვიცით მომავალში რა ხდება, კრიზისების პერიოდში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეზერვებით დავეხმაროთ ლარს და არ იყოს ისეთი დიდი გაუფასურებები, როგორიც ბევრმა ქვეყანამ გამოსცადა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.