"გასული ორი წლის შედეგები წელს 6 თვეში გავამეორეთ", - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოში Cloud სერვისების პროვაიდერი კომპანია Geosoft-ის დირექტორმა, ანდრო მესხორაძემ, 2024 წლის ორი კვარტალის შედეგების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, Geosoft წელს Google-ისა და Microsoft-ის ციფრულ სერვისებს 400-მდე კომპანიისთვის უზრუნველყოფს.
"ქლაუდ"სერვისებზე მოთხოვნის ზრდა კომპანიის შესახებ ცნობადობის გაზრდამ განაპირობა. ასევე, გაიზარდა კომპანიების მხრიდან კიბერსაფრთხეებისგან დაცვის სურვილი და კოლაბორაციებისა და კომუნიკაციების ინსტრუმენტების მიმართ მოთხოვნაც.
მოთხოვნა, უფრო მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდანაა. ამის მიზეზი ისაა, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები უფრო ადვილად და სწრაფად ადაპტირდებიან სიახლეებთან, მსხვილ კომპანიებს კი ეძნელებათ და დროში ეწელებათ ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება", - ამბობს ანდრო მესხორაძე.
Geosoft-ი საქართველოში Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორია. კომპანია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესებს სამუშაო პროცესების ონლაინ სივრცეში გადატანის შესაძლებლობას აძლევს და ამ მიმართულებით რამდენიმე, კომპანიებზე მორგებულ, ქლაუდ სერვისს გთავაზობთ. ჩვენთან საუბრისას ანდრო მესხორაძე განმარტავს, რომ, მიუხედავად Microsoft-თან თანამშრომლობისა, უპირატესობა Google-ის Workspace-ს ენიჭება.
"ორივე პლატფორმა ძალიან კარგი და მოქნილია, ორივე მოწინავეა ტექნოლოგიებში. თუმცა Google თავისი სიმარტივით, სისწრაფით და მარტივი "ინტერფეისით" გამოირჩევა. ის ადამიანებისთვის ძალიან ცნობადია - Gmail, Google Drive და სხვა აპლიკაციები, რომლებსაც ბიზნესებს Workspace-ის სახით ვაწვდით, მათი თანამშრომლების 80-90%-სთვის ისედაც ხელმისაწვდომი და ნაცნობია.
Microsoft-იც საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ Google Gen Z-ზე მორგებული, ღრუბელში შექმნილი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, სადაც არ უნდა იყო, შენი სამუშაო პროცესი გააგრძელო ნებისმიერი ადგილიდან, ყოველგვარი IT მხარდაჭერის გარეშე", - განმარტავს Geosoft-ის დირექტორი.
კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ Google Workspace-ის ფასები ერთ მომხმარებელზე თვეში $6-დან იწყება და, Enterprise Plus პაკეტით თვეში $30-საც აღწევს. Geosoft-ის დირექტორი განგვიმარტავს, რომ Workspace-ით სარგებლობის ღირებულებას თავად Google Cloud-ი განსაზღვრავს, ქართველ მომხმარებლებს კი იმავე სერვისებს კომპანია უცვლელი ფასით სთავაზობს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ანდრო მესხორაძემ აღნიშნა, რომ კომპანია Google Cloud-ისგან სტატუსის გაუმჯობესებას ელოდება.
"ველოდებით, რომ Google Cloud სულ მალე უფრო მაღალ სტატუსს მოგვანიჭებს, როგორც პარტნიორს საქართველოს რეგიონში. ასევე, ველოდებით, რომ Google Workspace-ის გარდა, ამ წელს უკვე მივიღებთ Cloud გადაწყვეტილებების დანერგვის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებს ინფრასტრუქტურა ადგილზე აღარ დასჭირდებათ და ყველაფერს Google Cloud-ში გავაკეთებთ", - აღნიშნავს მესხორაძე.