მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წელი კომპანიამ კაპიტალის კლებით დაასრულა - "ლაზიკა კაპიტალი"

ბესიკ შენგელია

2023 წლის ივლისში ძალაში შევიდა ცვლილებები ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ. ძირითადი ცვლილებები, რაც წესში შევიდა, უკავშირდება მიკრობანკების მიერ კრედიტების გაცემის წესს და იმ პროცედურებს თუ როგორ უნდა გასცენ და აღრიცხონ მიკრობანკებმა ფიზიკური პირების სესხები.

bm.ge-სთან "ლაზიკა კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამოქმედებული ცვლილებებისა, კონტროლი სათანადოდ ვერ ხორციელდება, რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

ამასთან ერთად, შენგელია ამბობს, რომ გასული წელი კომპანიამ კაპიტალის კლებით დაასრულა.

"ინვესტიციების კუთხით 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა გვქონდა პორტფელის კლება. ეს განაპირობა ბევრმა ფაქტორმა. მათ შორის ერთ-ერთია ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესებული საკვანძო კოეფიციენტი, ეს არის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი, რაც ზღვრულ მაჩვენებელთან ახლოს იყო. შედეგად, ერთმა ინვესტორმა გააკეთა პროგნოზი, რომ შეიძლება დაგვრღვეოდა და უარი გვითხრა დაფინანსებაზე, რამაც ჯამში კლება გამოიწვია.

ჯამურად, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად რეგულაციებისა, რომელიც ამოქმედებული იქნა დაკრედიტების დებულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მაინც ვერ ხდება კონტროლი და ხშირად ირღვევა წესები, რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს იყო შემცირების ფაქტორები", - განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

,,ლაზიკა კაპიტალი" 2024 წელს გეგმავს მიკრობანკის ლიცენზია მოიპოვოს. შენგელია ამბობს, რომ ახლა ეს არის მათი მთავარი მიზანი.

"განცხადება ჯერ არ შეგვიტანია. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრები, სადაც კონკრეტული საკითხები იყო რაზეც სამეულმა, (,,ემბისი" ,,კრისტალი" ,,ლაზიკა") რომელიც კანდიდატები ვართ ვთხოვეთ გარკვეული ცვლილებები. შეხვედრა შემოდგომაზე შედგა და ქალბატონი ნათია თურნავაც ესწრებოდა. საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრები იყო. შესაბამისად, ახლა ვართ უკუკავშირის მოლოდინში და პარალელურად, რაც მოგვეთხოვება თადარიგი გვაქვს დაჭერილი და იმ კრიტერიუმებს გავდივართ.

ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხები. ყველას ჩვენი ბიზნეს პროფილი და მოდელი გვაქვს და რეკომენდაციები ამის მიხედვით წარვადგინეთ. იგივე ლიკვიდურობის საკითხში, წინა ვერსიით საკმაოდ რთული მოთხოვნები იყო. ჩვენი მხრივ, ვეცადეთ აგვეხსნა, რომ ეს არ იყო მიკრობანკისთვის პროპორციული მოთხოვნა. გვესმის, რომ უფრო მეტია ვიდრე მისო, მაგრამ ბანკზე რთული მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს.

ახლა, 2024 წლის მთავარი გეგმაა, რომ გავხდეთ მიკრობანკი და ამ კუთხით დაწყებული გვაქვს შიდა სამუშაოები", - განაცხადა ბესიკ შენგელიამ bm.ge-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები