„ლაზიკა კაპიტალი“ იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის რჩება, რომლებიც უარს ამბობენ სალომბარდო დაკრედიტებაზე და ყურადღებას მხოლოდ რეალური ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე ამახვილებენ - ამის შესახებ BMG-სთან „ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია საუბრობს. მისი თქმით, კომპანიის ძირითადი სამუშაო არეალი დასავლეთ საქართველოა, სადაც ის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრშია წარმოდგენილი.
ბესიკ შენგელიას განმარტებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ამ ეტაპზე ტრადიციულ მიკროსაფინანსო მოდელს ინარჩუნებს და ლომბარდულ დაკრედიტებაზე გადასვლას არ გეგმავს.
„არასოდეს გვქონია სალომბარდე სესხები და არც ვაპირებთ. მაგალითად, „ლაზიკა კაპიტალი“ თითქმის ერთადერთი ორგანიზაციაა მიკროსაფინანსო სტატუსით, რომელიც საერთოდ არ მუშაობს სალომბარდე სეგმენტში. ვაფინანსებთ მცირე აგრომეურნეობებს, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას და ლომბარდთან საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ. მართალია, ლომბარდული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 99% იზრდება, და დინამიკაშია ეს პორტფელი. ის სეგმენტი კი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ასე სწრაფად ვერ იზრდება, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად სხვა სტანდარტებია“, - აცხადებს ბესიკ შენგელია BMG-სთან.
რაც შეეხება მიმდინარე წლის შედეგებსა და ტემპებს, მისივე თქმით, მიკრობიზნესის სეგმენტში სწრაფი ნახტომისებური ზრდა შეუძლებელია, რადგან მოსახლეობის შემოსავლების ზრდა შედარებით სტაბილურ და ნელ დინამიკას მიჰყვება. გარდა ამისა, ბაზარზე მაღალი კონკურენციაა.
ამასთან, ბესიკ შენგელიას განმარტებით, საბანკო სექტორისგან განსხვავებით, სადაც კლიენტების უმრავლესობას ოფიციალურად დადასტურებული შემოსავალი ან ხელფასი აქვს, მიკროსაფინანსო სექტორის ეს სეგმენტი უმეტესად, არაფორმალური შემოსავლების მქონე მოქალაქეებთან მუშაობს.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ სეგმენტში არსებითად არაფერი შეცვლილა. მაგალითად, ფერმერს, რომელსაც ხულოდან ბათუმის ბაზარში კარტოფილი ჩააქვს გასაყიდად, ან სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც რძის ნაწარმს ყიდის, ოფიციალური დოკუმენტაციით შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია. სწორედ ასეთი ჯგუფებისთვის შეიქმნა მიკროსაფინანსო ინსტიტუტები“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში რეგულაციები და სტანდარტები მკვეთრად გამკაცრდა. შესაბამისად, კომპანიებს უწევთ ალტერნატიული ტექნოლოგიების დანერგვა კლიენტების გადახდისუნარიანობის შესაფასებლად - მათ შორის, ფოტომასალის, ლოკაციისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების გამოყენება.
ამასთან, 2019 წლიდან ამოქმედებულმა შემოსავლების დადასტურების რეგულაციებმა და გეოგრაფიულმა სპეციფიკამ (მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა მესტია და ხულო, ოპერირება) საფინანსო ინსტიტუტებს მომსახურების თვითღირებულება გაუძვირა.
ბესიკ შენგელიას თქმით, ადგილზე ვიზიტებთან, ტრანსპორტირებასა და დროსთან დაკავშირებული ხარჯების დასაზოგად, „ლაზიკა კაპიტალი“ ახალ ტექნოლოგიურ მოდელებს დანერგავს - ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, კომპანია ვიდეომონიტორინგის სისტემას ავითარებს, რომელიც ლოკაციისა და სამეურნეო საქმიანობის (მაგალითად, ფერმისა თუ საქონლის) დისტანციურად დადასტურების საშუალებას იძლევა.
























