მიკროსაფინანსოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საერთაშორისო რესურსების მოზიდვა - მიუხედავად იმისა, რომ მოზიდული სახსრების ფასი კრიტიკულად არ გაძვირებულა, საერთაშორისო ინვესტორების ნაწილში გარკვეული სკეპტიციზმი შეინიშნება - ამის შესახებ BMG-სთან „ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია აცხადებს. მისი თქმით, ზოგიერთი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე პოლიტიკურ და რეგიონულ რისკებს ხედავს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოქმედებს.
„2025 წლის დასაწყისიდან სკეპტიკურად განეწყვნენ ჩვენი ქვეყნის ბაზრის მიმართ, ზოგიერთები ასახელებენ პოლიტიკურ რისკებს, გარდა ამისა, მათ შეუძლიათ თავიანთი რესურსები უფრო მოგებიანად განათავსონ შუა აზიის რეგიონში. შეიძლება, საკამათო იყოს მსჯელობის დონეზე - პოლიტიკური რისკი ჩვენთან მეტია თუ, იმ რეგიონებში. თუმცა იქ შეუძლია, რაღაცა რისკზე წავიდეს, რადგან ამონაგები ბევრად მეტია და ეგ კომპენსაციაა იმ რისკისა, რასაც ინვესტორი იღებს. შესაბამისად, მეტი დოზით, ურჩევნიათ იქ განათავსონ სახსრები. მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციებზე არ არის საუბარი, დაკრედიტებაზეც იგივე იგივე პრინციპი მოქმედებს.
საქართველოში კი, უყურებენ, რომ პოლიტიკური რისკი, თეორიულად, მათი გადმოსახედიდან მაღალია, და მეტ-ნაკლებად ცდილობენ, წავიდნენ იმ რეგიონებში და იქიდან განათავსონ ეს თანხები. თუმცა, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელ ფონდებად ითვლება, ანუ მათთვის, მარტო ამონაგები არ არის მთავარი და ისევ ერთგულები რჩებიან ამ ბიზნესში იმის გამო, რომ მიკროსაფინანსოები ჩანასახშივე, მაინც აღიქმება სოციალური გაძლიერების პრინციპად, ამიტომ მხარს უჭერენ.
მაგრამ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ამას უყურებენ, როგორც კომერციულ, ჩვეულებრივ პროექტს და ფოკუსირებულები არიან ამონაგებებზე, რაშიც ვერ გაამტყუნებ - თავისთავად, ბიზნესია და ამ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ამონაგები შეიძლება არსებობდეს. გააჩნია ბიზნესმოდელს“ - აცხადებს ბესიკ შენგელია BMG-სთან.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო სექტორს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა. მისოებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70.5 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის მთლიანი აქტივები 2.579 მლრდ ლარს შეადგენს. ვალდებულებები კი, 1.7 მლრდ ლარია.
























