მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასული წლის ბოლოს სხვადასხვა ზომის არმატურის დეფიციტი შეიმჩნეოდა”- იმპორტის გადასახადის ეფექტი

არმატურა

არმატურის იმპორტი ბოლო ერთ წელიწადში 40%-ით შემცირდა - ასეთია იმპორტის გადასახადის ეფექტი, რომელიც 2025 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა. იმპორტიორი არმატურის საქართველოში შემოტანისას 1 ტონაზე 420 ლარს იხდის. თუ 2025 წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონ 215 ათასი დოლარის ღირებულების 223 145 ტონა არმატურა შეიძინა, 2024 წელს 212 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყო შესყიდული.

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ამბობენ, რომ არმატურის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ მშენებლები დააზარალა. "ბლექსი გრუპის" გენერალური დირექტორი BM.GE-თან აცხადებს, რომ ადგილობრივი ბაზარი ვერ ახერხებს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რის გამოც გაძვირებული იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა უწევთ, ბაზარზე კი პროდუქციის დეფიციტი შეიმჩნევა.

“ჩვენი კომპანიის პოზიციას ვიტყვი, ამ გადასახადმა ნამდვილად ნაწილობრივ გააძვირა პროდუქტი. ვფიქრობ, კონკურენციის ნაწილში, თუ ეს გადასახადი არ იქნება, გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება და გაცილებით დიდი პორტფელი იქნება არჩევანის მომწოდებლების მხრიდან.

ჩემი პირადი აზრია, რომ ეს გადასახადი არ უნდა იყოს. საბოლოოდ მშენებლის აზრი არის ის, რომ იყოს მოგებაზე ორიენტირებული და თუ ვთქვათ ეს გადასახადი არ იქნება, შედარებით მეტი მოგება გვექნება და მეტად გავაკეთებთ რეინვესტიციას კომპანიის განვითარებაში.

გასული წლის ბოლოს შეიმჩნეოდა უკვე სხვადასხვა ზომების დეფიციტი, ფასის ზრდაც იყო გამოწვეული, ალბათ აქედან გამომდინარე. ვფიქრობ, თუ ეს რეგულაცია, რომელიც მოქმედებს ახლა და არის ამ მარტამდე, აღარ გაგრძელდება, ჩვენს სექტორზე გაცილებით პოზიტიურად აისახება”, -ამბობს “ბლექსი გრუპის” გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები