მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასული წლის მძიმე სეზონის შემდეგ, რაჭასთან მიმართებით ბევრი კითხვა გაჩნდა“ – სასტუმრო „გარემო“

რაჭა

სასტუმრო "გარემოს" დამფუძნებლის თამარ დავითულიანის თქმით, რაჭაში დასვენების მსურველების რიცხვი წელს არც ისე მაღალია. მიზეზი გასული წლის მძიმე სეზონის შემდეგ მოსახლეობაში გაჩენილ შიშებს უკავშირდება.

როგორც დავითულიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ჯავშნებს აფერხებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც.

„ჯავშნები „გარემოში“ არის, თუმცა ვერ განვიხილავთ ტურიზმის პროგრესს მხოლოდ ჩვენი მაგალითით. გასული წლის მძიმე სეზონის შემდეგ, ძალიან ბევრი რისკი და კითხვა გაჩნდა რაჭასთან მიმართებით, არის შიშები. ამის გარდა დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა ხელს უშლის ბიზნესს სწორად განვითარებაში. აქტიურობენ ჩვენი სტუმრები, მათ შორის ევროპიდანაც, თუმცა ჯერ ჯავშნებს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტენ ჩამოვიდნენ თუ არა. ეს ეხებათ ადგილობრივებსაც, ისინიც აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ამის მერე გადაწყვეტენ რამდენად ექნებათ საზეიმო განწყობა და დასვენების შესაძლებლობა.

არასწორი პოლიტიკა არ უნდა ტარდებოდეს, ეს აზარალებს ჩვენს სექტორს. სწორი ის იქნებოდა რომ ხალხის არჩევანი გაითვალისწინონ და არა ის, რაც თავისი ინტერესების ქვეშ არის წარმართული.

ჩვენი გადმოსახედიდან პროგრესი არის განათლებაში, განათლება არის ევროპაში. ისინი კი ცდილობენ წაგვიყვანონ იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება, სადაც არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს განვითარების პერსპექტივა. ამ პერსპექტივას ყველაფერში გვისპობენ, ჩვენ, ბიზნესები, რომლებიც ორიენტირებულები ვართ მეტი გრანტით ვისარგებლოთ და ჩვენს ბიზნესში მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ, ეს მოქმედებს სექტორზე. იყო პროექტები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს გაზრდაში, ეს იყო იმ არასამთავრობოების დახმარებით, რომლებსაც ახლა აგენტებად მოიხსენიებენ. ესენი რეალურად ჩვენი ინტერესების გამტარებლები იყვნენ და არ ეს თუ არ იქნება, ახალი სტარტაპების განვითარება ვერ მოხერხდება,“ - განაცხადა დავითულიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები