გლდანში ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ამერის სტადიონის რეაბილიტაცია კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო. რეაბილიტაციის ინიციატივა ქალაქის მერმა პირველად გასული წლის ივლისში გააჟღერა და აღნიშნული მიწის ნაკვეთიც მოინახულა.
„თბილისის მერიის ინიციატივით, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო გაუბედურებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ე.წ. ამერის სტადიონი, დაგეგმილია ფეხბურთის მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომ აქ მოეწყობოდა თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეში კარგი პროექტის განხორციელება, რადგან აღნიშნულ სტადიონზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა, თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზეც.
„უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. ძალიან მალე გვექნება შესაბამისი პროექტი და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზეც. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 11x11-ზე ფიფა-ს სტანდარტის ორი მოედნის სრული რეაბილიტაცია, არსებული ტერიტორიის სრული განახლება, ასევე, 7x7-ზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. მოედნების დატვირთვიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, საპირფარეშოები, საშხაპეები, სასაწყობე ფართები, ადმინისტრაციული ოთახები და ყველა საჭირო სივრცე, რაც განაპირობებს საფეხბურთო ცენტრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
გლდანის რაიონისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ე.წ. ამერის სტადიონი 2004 წელს გასხვისდა და კერძო მესაკუთრეს 20 წლის ვადით გადაეცა.
ამის შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 23 789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა, რომელიც, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოაწყოს და ის ფუნქცია დაუბრუნოს, რაც გააჩნდა.
მერს არ დაუკონკრეტებია პროექტის შესრულების ვადები და არც ის, თუ რა დაუჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია.




























