მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GAU Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა

GAU Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა
27.02.25 12:27
984

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა (AATCE – Apple Authorized Training Center for Education).

GAU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც შეუერთდა სასწავლო ცენტრების გლობალურ ქსელს.

სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ Apple-ის მიერ სერტიფიცირებული ლექტორებით სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. ასევე, Apple-ის პროდუქციით აღჭურვილი ლაბორატორიის მოწყობა და ყველა დათქმული სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა.

Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი GAU-ში ოპერირებას უკვე იწყებს. პირველ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს Swift Development-ის მიმართულებით შესთავაზებს.

„ჩვენი, როგორც უმაღლესი სასწავლებლის მისიის ნაწილია მოწინავე სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა. სწორედ ამ მისიისკენ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია GAU-ს მიერ AATCE სტატუსის მოპოვება. სასწავლო კურსები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ უახლეს ტექნოლოგიებს და მიიღონ iOS აპლიკაციების განვითარების უნარები“ - აღნიშნავს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ნატა ბაჯიაშვილი.

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა AATCE სტატუსი StrategEast-ის მხარდაჭერით მოიპოვა.

„როგორც StrategEast-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, მოხარული ვარ, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გახდა Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი (AATCE), რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს განათლების IT ეკოსისტემისთვის. პროგრამის ფარგლებში, გადამზადდნენ GAU-ს ლექტორები. აგრეთვე, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დაეუფლონ iOS აპლიკაციების განვითარების უახლეს შესაძლებლობებსა და სხვა ტექნოლოგიებს.

StrategEast-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში ციფრული ეკონომიკის განვითარება, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისა და ადგილობრივი აკადემიური დაწესებულებების თანამშრომლობების ხელშეწყობა. გვჯერა, რომ GAU-ს ახალი სტატუსი ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების აღზრდას და საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებას.

ვულოცავ GAU-ს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მოუთმენლად ველით სამომავლო ნაბიჯებს IT განათლების კუთხით,“ - აღნიშნავს ლიკა მერაბიშვილი, StrategEast-ის რეგიონული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები