პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ აქვს კლება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტს, სხვადასხვა ტექნიკის კუთხით.
განცხადება მან აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარადგინეს.
„არც კლიმატის ცვლილება არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა. დღეს ჩვენი ნიადაგი და მიწა, დეგრადაციას განიცდის, ყოველდღიურად გვაქვს ჩამოშლები და სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტებზე დაყრდნობით ხდება გეოსაშიში ზონების იდენტიფიცირება. დედაქალაქში შეიქმნა ახალი ბაზა და ამან დიდი სარგებელი მოუტანა დედაქალაქს, რაც ნიშნავს, რომ გეოსაშიშ ზონებში მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა. ამიტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს არათუ უნდა მოაკლდეს რამეს, არამედ უნდა გაუათმაგდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მონაცემები გვქონდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.