საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პაპუნა ჯანელიძის შეფასებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გენმდივნის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნა და სხვა ქვეყნის კანდიდატის მხარდაჭერა გაუგონარია. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ის "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას, ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული გათავისუფლების შესაძლო მიზეზის გათვალისწინებით, გამო "სასაცილოს" და "ამაზრზენს" უწოდებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები".
"ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, 2017 წელს, იყო საქართველოს დიდი გამარჯვება. საქართველო, მანამდეც და დღესაც, ძალიან მცირე რაოდენობით და დაბალ პოზიციებზეა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ეს კი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის არჩევის, რაც აძლიერებდა საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებს. ასევე, რადგან ეს იყო სექტორული საერთაშორისო ორგანიზაცია, და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, ზურაბ პოლოლიკაშვილის, მტკიცე და სწორი პოზიცია რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.არჩევნებში გამარჯვება იყო ზურას პირადი დამსახურება და საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი კამპანიის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. ყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული და სხვა შესაბამისი საჯარო მოხელით დამთავრებული, იყო მაქსიმალურად მობილიზებული ამ შედეგის მისაღწევად. იყო დიდი კონკურენცია, და საქართველოს კანდიდატის ასეთ მაღალ პოზიციაზე არჩევა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა მომდევნო არჩევნებში ზურას კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით.
- სასაცილოა არგუმენტი, რომ "ქართული ოცნება", ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ქართულ ოცნებას ავტორიტარულ რეჟიმად იცნობს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს გინებით უშვებს ქვეყნიდან, და თურმე, ახლა მოუსმინა ელჩების რეკომენდაციას.
- ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ზურას მიერ თეა მაისურაძის კონტრაქტით დანიშვნის გამო "ქართული ოცნება" განაწყენდა და მის გათავისუფლება მოითხოვა. ე.ი. თუ რეჟიმის პოზიციას არ ეთანხმები, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის უფლებაც არ გაქვს.
- გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ. თუ არსებობს შესაბამისი მიზეზი, არსებობს სხვა დიპლომატიური გზებიც ასეთი საკითხების გადასაწყვეტად.
სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. ასე მივდივართ იმ საოცნებო “სუვერენიტეტთან”, რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებიდან იზოლაცია ჰქვია", - წერს პაპუნა ჯანელიძე.
ცნობისთვის, 15 მაისს "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველომ UNWTO-ს ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მის მიერ ხელისუფლებისადმი "უდიერი დამოკიდებულებისა" და "თავში ჩარტყმის" მცდელობის გამო მოხსნა. როგორც მან ბათუმში ვიზიტისას მედიას განუცხადა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ კი განცხადა: „ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს“.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვერსიით, „ოცნებამ“ ორგანიზაციის გენმდივნის პოსტზე წარდგენილი მისი კანდიდატურა თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანის გამო მოხსნა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.




























