ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც ძალოვანი სტრუქტურები პროევროპული აქციების დასაშლელად იყენებენ, ტერიტორიაზე დარჩება ხანგრძლივად, თუ რუსთაველის გამზირს შესაბამისი წესით არ მორეცხავენ - ამის შესახებ კამკამიძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი საშობაო ნაძვის ხის მოწყობა გაუმართლებელია.
"ამ ჯგუფის ნებისმიერი ნივთიერება მინიმუმ დღეების განმავლობაში რჩება ტერიტორიაზე, თუ არ მოხდა მორეცხვა იმ ადგილის, რისთვისაც მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი, სპეციალური დეკონტამინაციის, ანუ გაუვნებელყოფის ოპერაცია უნდა ჩატარდეს ადგილზე. რასაკვირველია, როდესაც ამ ნივთიერებების გამოყენება დღეების განმავლობაში ხდება, ხდება დამატებაც და ამ არეალში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება.
რასაკვირველია ჯობია, რომ სხვა ადგილას მოეწყოს ნაძვის ხე. იმ ადგილას, სადაც ყოველდღიურად ხდებოდა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, გაუმართლებელია ეწყობოდეს ნაძვის ხე, ეს ყოველგვარ ჰიგიენურ ნორმებს ცდება", - განმარტავს გიორგი კამკამიძე.
იმუნოლოგმა BMG-ის ეთერში ერთპარტიული პარლამენტის ის საკანონმდებლო ინიციატივაც შეაფასა, რომლის ფარგლებშიც მმართველი პარტია საჯარო შეკრების მონაწილეებს სახის დაფარვას და, შესაბამისად, სამედიცინო ნიღბებისა და აირწინაღების ტარებას აუკრძალავს. კამკამიძის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, სამედიცინო პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილე ინფიცირებულია სხვადასხვა ვირუსით, ამიტომ ნიღბების აკრძალვა ადამიანის უფლებების შეზღუდვაა.
გიორგი კამკამიძის რეკომენდაციაა, კანონში მკაცრად გაიწეროს, რა ტიპის ნიღბების გამოყენებაა აკრძალული და ეს მხოლოდ იმ ტიპის აღჭურვილობას შეეხოს, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის.
"ეს კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ მავნე ნივთიერებების კანსა და ლორწოვანში მოხვედრის შანსი გაიზარდოს. ასევე, ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით, პრობლემური ინიციატივაა. პირბადეების გამოყენება [რეკომენდებულია], როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იკრიბება.
რეალურად, ცრემლმდენი საშუალებებისგან იცავს რესპირატორები. ალბათ, კანონში მკვეთრად უნდა გაიწეროს, რა დონის საშუალების გამოყენება იკრძალება და ეს არამც და არამც არ უნდა შეეხოს სხვა ტრიპის, მაგალითად სამედიცინო მოხმარების ნიღბებს. თუ ადამიანი ინფიცირებულია, რეკომენდაციაა, რომ ის უნდა გამოვიდეს ნიღბით, როდესაც კონტაქტი აქვს სხვა ადამიანებთან. ამ ნიღბების აკრძალვა ადამიანის უფლებების შეზღუდვაა და არ მივესალმებით, თუ მკაცრად არ იქნება გაწერილი, რომ ნიღაბი ბოლომდე ფარავს სახეს და ვერ ხდება ადამიანის ამოცნობა", - აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.
28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებზეც მომიტინგეები ფოიერვერკებს, ფერად კვამლსა და სხვა ტიპის პიროტექნიკას იყენებდნენ, "ქართულმა ოცნებამ" ფოიერვერკების ლიცენზიის გარეშე ყიდვა/გაყიდვა/გამოყენებისთვის ჯარიმები დააწესა. პარლამენტში განიხილება პირბადეებისა და ლაზერების აკრძალვის საკითხებიც.