დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ მასობრივ ინფექციასთან დაკავშირებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა პროცესების მართვა მაქსიმალურად უნდა დააჩქარონ.
კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელი, ექიმი-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „საქმიან დილასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში უმთავრეს ამოცანას დაავადების გავრცელების წყაროს დროულად მიგნება და მისი დაუყოვნებლივი იზოლირება წარმოადგენს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვირუსია. თუმცა ახლა, რაზედაც არის საუბარი, ეს არის სრულიად სხვა ტიპის გადაცემა, ეს არის კვებითი ეპიდაფეთქება, რომელიც დაკავშირებულია დაბინძურებულ საკვებთან. ვინაიდან ეს მოხდა 20 ბაგა-ბაღში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ცენტრალიზებული მომარაგება, საიდანაც იყო გარკვეული საკვები, ის არის დაბინძურებული.“
ექიმის თქმით, ინფექციის გეოგრაფიული განაწილება, შემთხვევების კონცენტრაცია ისნის, ჩუღურეთისა და ნაძალადევის კლასტერებში, პირდაპირ მიუთითებს ერთი წყაროდან მომარაგების ვერსიაზე.
შექმნილი კრიზისის სწრაფად დასაძლევად, სპეციალისტის თქმით, სახელმწიფომ (მათ შორის NCDC-მ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ) რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნდა გადადგას. პირველი რიგის ამოცანა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დაჩქარებაა.
„სასურველი იქნებოდა უფრო სწრაფად ყოფილიყო ეს პასუხები. თუ ნოროვირუსია, გაცილებით ადრე შეიძლებოდა მისი გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან მარტივი ტესტია გამომწვევის დადგენის. ძალიან ეჭვს იწვევს, რატომ არ მოხდა აქამდე ამ ინფექციის დასახელება“, - აცხადებს კამკამიძე.
გარდა ლაბორატორიული პროცესების ფორსირებისა, ექიმი ხაზს უსვამს პრევენციული ზომების მკაცრად გატარების აუცილებლობასაც.
„ახლა რაც უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის წყაროს მოძებნა - საიდან, რა საკვებიდან მოხდა ვირუსის გავრცელება. ეს ამოცანა ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი და ამოღებული უნდა იქნეს ის წყარო მოხმარებიდან, იმიტომ რომ შეიძლება ის კვლავ ინახებოდეს სადღაც, იგივე გაყინულ მდგომარეობაში. რეკომენდაცია უნდა გაიცეს, რომ სადაც დაფიქსირდა ეს ინფექცია, მთლიანად ამოღებულ იქნეს ის საკვები მარაგები, რომლებსაც ხმარობდნენ.“
ეპიდემიოლოგების განმარტებით, სახელმწიფომ თვალი უნდა ადევნოს იმ პაციენტებსაც, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რათა რეალური ეპიდსურათი გამოიკვეთოს. ამასთან, მნიშვნელოვანია სწორი სანიტარიული დამუშავება.
„დახურულ საბავშვო ბაღებში აუცილებლად ქლორის შემცველი ხსნარებით უნდა მოხდეს გაუვნებელყოფა. ინფექცია გადადის ფეკალურ-ორალური გზით და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება ქალაქში ყველა ბაღის შესაძლო დახურვას, ეს არ იქნება ის ეფექტური საშუალება, რომელიც პრევენციას გააკეთებს. ეს ტექნიკურადაც ძალიან ძნელია. თუკი სწრაფად დავადგენთ ზუსტად მიზეზს, საიდან მოხდა ინფექციის წყაროს გავრცელება და ის საკვები ამოღებული იქნება, მაშინ ახალი შემთხვევები სხვა საბავშვო ბაღებში აღარ იქნება“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას კამკამიძემ.
























