მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს სავაჭრო ბალანსი?

63dbc923541e7
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.23 18:40
948
2022 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს, 19 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2020 წელთან შედარებით ეს მოცულობა 67%-ით, 2021-თან შედარებით კი 33%-ით მეტი იყო.

საგარეო ვაჭრობის ასეთი ზრდა გასულ წელს ექსპორტის 32%-ით, იმპორტის კი 33%-იანი მატებით იყო განპირობებული. შედეგად, საგარეო ვაჭრობამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის ექსპორტი 5.6 მილიარდი დოლარი, იმპორტი კი 13.5 მილიარდი დოლარი იყო.

მათ შორის სხვაობამ, ანუ სავაჭრო ბალანსმა მინუს 7.85 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს აბსოლუტურ რიცხვებში რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, სავაჭრო სალდოს განიხილავენ არა აბსოლუტურ, არამედ პროცენტულ ჭრილში. კერძოდ, 2022 წელს ნეგატიურმა სალდომ მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41.3% შეადგინა.

შედარებისთვის, სავაჭრო სალდო წინა წლებთან მიმართებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, 2017 წელს უარყოფითი სალდო მთლიანი ბრუნვის 49%-ს შეადგენდა, 2018-ში ის 46.8%-მდე შემცირდა, 2019-ში 43%-მდე, 2020-ში ეს მაჩვენებელი 41.3%-მდე შემცირდა, 2021 წელს დამატებით 40.8%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო 2022 წელს 41.3% იყო.

ნეგატიური სავაჭრო ბალანსი საქართველოს საგგადასახდელო ბალანსში უმსხვილესი კომპონენტია. ქვეყანა დეფიციტურ სავაჭრო სალდოს ისეთი წყაროებიდან აფინანსებს, როგორიცაა ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი); პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. საგადასახდელო ბალანსზე გავლენას ასევე ახდენს ახალი ვალების აღება და წარსულში აღებული კრედიტების მომსახურებაც.

გასულ წელს საქართველომ უპრეცედენტო ზომის - 4.4 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რაც რუსეთიდან მიგრაციულ ტალღას უკავშირდებოდა.ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 3.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი სტატისტიკა კი მარტში გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები