ევრაზიის განვითარების ბანკმა (EDB), რომელიც ყაზახეთს, რუსეთს, სომხეთს, ტაჯიკეთს, ბელარუსს და ყირგიზეთს აერთიანებს, წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა.
ბანკმა რეგიონის ქვეყნების უმეტესობისთვის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ წელს სომხეთის ეკონომიკა 7.5%-ით, ბელარუსის - 3.4%-ით, ყაზახეთის - 5%-ით, ყირგიზეთის 5.5%-ით, რუსეთის 3%-ით, ხოლო ტაჯიკეთის 8%-ით გაიზრდება.
EDB ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს დაახლოებით 3%-ით გაგრძელდება. ბანკი ელის, რომ რეგიონის ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 3.4% იქნება და გლობალურს გადააჭარბებს.
სომხეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შემთხვევაში პროგნოზის გაუმჯობესება 2024 წლის დასაწყისში მაღალი ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა, რომელიც ძლიერი შიდა მოთხოვნიდან და ძირითადი ლითონების გაზრდილი ექსპორტიდან მომდინარეობდა.
რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე გაუმჯობესებას ანალიტიკოსები იმით ხსნიან, რომ შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო გაფართოვდა, რაც გამოწვეულია შინამეურნეობების მაღალი შემოსავლებით და ფისკალური სტიმულით. თუმცა მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო აქტივობა თანდათან შემცირდება საპროგნოზო პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო.
საფინანსო ორგანიზაციის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის ეკონომიკა შეინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს, დაახლოებით 5%-ს 2024 წელს. ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართული მთავრობის ძალისხმევა კი სავარაუდოდ, გააძლიერებს და შეინარჩუნებს სტაბილური ზრდის ტემპს საშუალოვადიან პერსპექტივაში.
ბელორუსის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის გაიზარდა 3.4%-მდე, რასაც მხარს უჭერს რუსეთის მხრიდან მოთხოვნის მუდმივი ზრდა და ხელფასების მატება.
EDB-ის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ბანკის დაფარვის რეგიონში ინფლაცია კიდევ უფრო შენელდება და გასული წლის 7.2%-ის შემდეგ წლის ბოლოსთვის 5.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყნებს შორის განსხვავებულია. სომხეთში დაბალი ინფლაციაა, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ინფლაცია შესაძლოა, მიზნობრივ დონეს დაბლა დაეცეს. საპირისპიროდ კი, რუსეთსა და ყაზახეთზე გაზრდილი ინფლაციური ზეწოლა გრძელდება. მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზები ქვეყნების მიხედვით შემდეგია:
- სომხეთი - 1.5%
- ბელორუსი - 6%
- ყაზახეთი - 8.3%
- ყირგიზეთი - 4.3%
- რუსეთი - 5.8%
- ტაჯიკეთი - 4.1%
ინფლაციის კლების მიუხედავად, მოლოდინია, რომ EDB-ის დიდ ეკონომიკებში მუდმივი ინფლაციური რისკები, სავარაუდოდ, გამოიწვევს მარეგულირებლების ფრთხილ მიდგომას მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიმართ. EDB-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყაზახეთის მონეტარული პოლიტიკის საბაზო განაკვეთი 2024 წლის ბოლოსთვის 13%-ზე მაღალი დარჩება. რუსეთში კი წელს დაიწყება განაკვეთების შემცირების ციკლი და წლის ბოლოს 15%-მდე ჩამოვა. დაბალი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სომხეთის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 7.5%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის.
EDB საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის პორტფელიც წარმოდგენილია ევრაზიის ტერიტორიაზე ციფრული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის პროექტების დაფინანსებით. ბანკი 2006 წელს ამოქმედდა და მისი დამფუძნებლები ყაზახეთი და რუსეთი არიან. 2009 წელს მას შეუერთდნენ სომხეთი და ტაჯიკეთი. მოგვიანებით, 2010 წელს წევრი გახდა ბელარუსი, ხოლო 2011 წელს ყირგიზეთი.