აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ სოლიდარობის გამოსაცხადებლად აგარაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პროფკავშირი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქმე ის არის, რომ აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულები უკვე 5 დღეა გაფიცულები არიან და კომპანიისგან დაპირებულ მე-13 ხელფასსა და პრემიებს ითხოვდნენ, რომლითაც კონსერვაციის პერიოდში თავი გააქვთ. ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე შეწყვეტენ. ამასთან, აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძეს განცხადებით, კომპანიამ წელი ცუდი შედეგებით დაასრულა, ამიტომ წინა წლის მსგავსად პრემიები ვერ გასცეს და ერთი ტომარას ნაცვლად დასაქმებულებს საახალწლოდ ორ ტომარა შაქარს აძლევენ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ნიკოლოზ ნათბილაძე იმასაც ამბობს, რომ ქარხნის დასაქმებულებთან კომპანიას ხელშეკრულებები 31 დეკემბრამდე აქვს, რის შემდეგაც ქარხანა კონსერვაციის რეჟიმში გადადის.
პროფკავშირის „ლაბორი“ თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში აგარის შაქრის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას დასაქმებულების უფლებებისთვის. მისივე ცნობით, ამ დროისათვის პროფკავშირის იურისტი საქმის დეტალებს ეცნობა, რათა ხალხის მაქსიმალური მხარდაჭერა მოხდეს.
„ახლა ვიმყოფებით აგარაში. იცით, რომ პროფკავშირ „ლაბორს“ აგარაში არაერთი სამართლებრივი პროტესტი, სამართლებრივი დავა უწარმოებია და პრობლემა პრობლემად რჩება. ეს ადამიანები ისევ გამოწვევების წინაშე არიან. ქარხანა კონსერვაციას განიცდის, აქვთ დაბალი სტანდარტები, დაბალი ხელფასები. „ლაბორი“ და სხვადასხვა სამუშაო სივრცეებში დასაქმებულები მოვიდნენ სოლიდარობისთვის. ჩვენ აქამდე გვქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა, პროფკავშირი „ლაბორის“ იურისტი მდგომარეობას დეტალურად ეცნობა. იმისათვის, რომ მოხდეს ამ ხალხის მაქსიმალური სამართლებრივი მხარდაჭერა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ხალხის მიმართ ვიყოთ სოლიდარულები. ასევე, უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ სიმბოლურია ჩვენი ამ ხალხთან ყოფნა, რომლებიც ღირსეული შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა ხვდება აგარის შაქრის ქარხანაში“, - ამბობს დიასამიძე.