მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საახალწლოდ თითო მუშაკს საჩუქრად ორი ტომარა შაქარი გადაეცემა“ – აგარის ქარხნის დირექტორი გაფიცულებს პასუხობს

ადგილობრივი წარმოება

აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძეს განცხადებით, კომპანიამ წელი ცუდი შედეგებით დაასრულა, ამიტომ წინა წლის მსგავსად პრემიები ვერ გასცეს და ერთი ტომარას ნაცვლად დასაქმებულებს საახალწლოდ ორ ტომარა შაქარს აძლევენ. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებმა დღეს გაიფიცნენ და კომპანიისგან დაპირებულ მე-13 ხელფასსა და პრემიებს ითხოვდნენ, რომლითაც კონსერვაციის პერიოდში თავი გააქვთ. ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე შეწყვეტენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკოლოზ ნათბილაძე განმარტავს, რომ ქარხანა 31 დეკემბრიდან კონსერვაციის რეჟიმში გადადის და ყველა დასაქმებულს ხელშეკრულება სწორედ ამ დღემდე აქვს. ის აცხადებს, რომ წელს პრემიებს ვერ გასცემენ და ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება.

„თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ქარხანა დეკემბრის ბოლოდან კონსერვაციის რეჟიმშია გადასული. ჩვენი ვალდებულება, რაც იყო წლის ბოლომდე მუშაობა, ეს სამუშაოები დასრულდა და ქარხანა კონსერვაციაზეა გადასული, დასაქმებულებთან ხელშეკრულებები 31 დეკემბერს იწურება. დეკემბრის სახელფასო ანაზღაურება გადაერიცხებათ და წინა საახალწლოდ თითო მუშაკს საჩუქრად ორი ტომარა 50-კილოგრამიანი შაქარი გადაეცემა. საიდან მოაქვთ მე-13 ხელფასის და ბონუსების დარიცხვის პირობა რომ გვქონდა გაცემული, არ ვიცი.

საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით სხვადასხვა წელს განსხვავებული მიდგომა გვქონდა, წლის შედეგებიდან გამომდინარე. წლევანდელი წელი ძალიან არასახარბიელო იყო. მთელი ჩვენი საწყობები შაქრის პროდუქციით არის გადავსებული და არ იყიდება. საახალწლოდ ადრე 1 ტომარა მათ ყოველთვის ჰქონდათ საჩუქრად, წელს ისე გავაკეთეთ რომ 2 ტომარას ვჩუქნით თითო თანამშრომელს. შარშან რომ მიიღეს მე-13 ხელფასი, ეტყობა წელსაც ჰქონდათ ამის მოლოდინი. შედეგი არ არის შესაბამისი, როგორიც შარშან იყო და შესაბამისად ვერანაირად ამ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით“, - განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ და დასძინა: „31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც“.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იმასაც განმარტავს, რომ შაქრის გაყიდვის პრობლემა, ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო ჰქონდათ.

„კონკურენციაა ბაზარზე დიდი. რუსეთმა თავისი მოსავალი აიღო და ძველი მოსავლის მოცილება უნდა და იაფად ყიდის, შესაბამისად ჩვენ ფასებით კონკურენციას ვერ ვუწევთ და მაქსიმალურად ვიზარალეთ და საწყობები გავსებული გვაქვს“, - განაცხადა ნათბილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები