მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგარის შაქარი“ ფუნქციონირებას 15 აპრილიდან სახელმწიფოს ხელშეწყობით გააახლებს

64258d2d79e01
თინათინ ნატმელაძე
30.03.23 17:41
1753
შაქრის გადამმუშავებელი კომპანია „აგარის შაქარი“ ფუნქციონირებას 15 აპრილიდან სახელმწიფოს ხელშეწყობით გაახლებს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ BM.GE-ის განუცხადა.

მისივე ცნობით, ქარხნის სამუშაო გეგმა 2023 წლის 31 დეკემბრამდეა გაწერილი.

საქმე იმაშია, რომ ქარხანა უკვე წლებია ერთგვარი ციკლურობით მუშაობს - პერიოდულად გადაიარაღებისა და სარემონტო სამუშოების ჩატარების მიზნით იხურება, გარკვეული დროის შემდეგ კი სახელმწიფოს მხრიდან საშეღავათო პირობების მიღებასთან ერთად მუშაობას აახლებს.

„საქართველოში ერთადერთი შაქრის გადამმუშავებელი აგარის ქარხანა, წინა წლების მსგავსად წელსაც სახელმწიფოს ხელშეწყობით, კერძოდ ენერგორესურსებზე და სატრანსპორტო გადაზიდვაზე მიიღებს შეღავათიან ტარიფებს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, რომ ადგილობრივი ბაზარი პირველადი მოხმარების პროდუქტით კონკურენტუნარიანი იყოს, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა, რომ შაქრის ექსპორტიორი ქვეყნები, ადგილობრივი ბაზრის დაცვას და კვოტებით ექსპორტირებას ახდენენ. შესაბამისად ჩვენ ქვეყანაში "აგარა" ერთადერთი შაქრის მწარმოებელი ქარხანაა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მიზანიც სასურსათო უსაფრთხოებაა.

ამჟამად ქარხანას საკმარისი მარაგები გააჩნია და შაქრის დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არაა“, - განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

რაც შეეხება შაქრის საფასურს, კომპანიაში ამბობენ, რომ შაქრის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობით რეგულირდება, შესაბამისად ნედლეულის შეძენაც და შემდეგ მისი გადამუშავებაც საერთაშორისო ბირჟაზე დაფიქსირებულ ფასებზეა დამოკიდებული, ამიტომ წინასწარ საფასურის განსაზღვრა რთულია. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ „აგარის შაქრის“ ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

ინფორმაციისთვის, გასულ 2022 წელს საქართველოდან შაქრის შესაძენად 89.4 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 151 762 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შაქრის იმპორტი გასულ წელს 2021 წლის პერიოდის მაჩვენებელს როგორც მოცულობით (25.7%), ასევე ღირებულებით (48.2%) აღემატება. ამ პერიოდში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შაქარი ქვეყანაში მხოლოდ 9 საიმპორტო ბაზრიდან შემოვიდა, რომელთა შორის ლიდერი ბრაზილია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები