მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს - სახდეპი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

აშშ
BM.GE
31.07.23 23:13
37

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "გააგრძელებენ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს".

"არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

რაც შეეხება საკუთრივ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კომპანიების შესაძლო ჩართვას, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეგვახსენებს საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას:

„აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. დღეს ყველანი ვხედავთ: ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის, რომელიც ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში. ეს საქართველოსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა განსავითარებლად. სწორედ ამიტომ უკვე დიდი ხანია, აშშ ანაკლიის პორტის განვითარებისკენ მოწოდებას აკეთებს. როგორც ვიცი, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. ასე, რომ ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად. ამასთან, პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს შეესაბამებოდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“.

ცნობისთვის: დღეს საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები