„ის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც ქუთაისსა და თბილისს შორის მოძრაობს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მგზავრობა ორ ქალაქს შორის ტურისტებისთვის არასასურველ დროს, დღის საათებში, მოუწესრიგებელი მატარებლით ხორციელდება, ეს კი თავის მხრივ ქალაქს ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკარგავს.
ლაშა ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ შესაბამისმა უწყებებმა გამართული სატრანსპორტო სისტემების შექმნაზე უნდა იზრუნონ.
„გამოწვევაა ქუთაისისთვის სატრანსპორტო კვანძის მოუწესრიგებლობა. ჩვენ ვითხოვთ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას, ვითხოვთ, რომ იყოს განახლებული სატრანსპორტო ბაზა და ის აკავშირებდეს აეროპორტს, რკინიგზას და ყველა საავტობუსო მიმართულებას. ეს ტურისტს საშუალებას მისცემს მივიდეს და მოკლე დროში გაემგზავროს ბათუმში, თბილისში, რაჭაში თუ გურიაში.
ამას სჭირდება ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან მხარდაჭერა, რომ საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრეს. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და გადმოტანაა საჭირო.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც მოძრაობს ქუთაისსა და თბილისს შორის. ეს არის უძველესი შემადგენლობა, არის კლიმატის პრობლემა, თუ ეს შემადგენლობა არ უნდა არსებობდეს, მაშინ გავაუქმოთ. როცა 5 საათის განმავლობაში მგზავრობა არაკომფორტული მატარებლით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არაკომფორტულ დროს ხდება, ეს უბრალოდ მოტყუებაა. მატარებელი 12 საათზე გადის თბილისიდან და მთელ დღეს ატარებს ვაგონში, როცა კარგი იქნებოდა ეს ყოფილიყო ადრიან საათებში. ასეთ რამეებზე უნდა ფიქრობდეს ტურიზმის სამსახურები, გული მწყდება, რომ ასეთ თემაზე არ პოზიციონირებენ და არ ითხოვენ ცვლილებებს. ეს დაკავშირებულია ტურისტების მობილობასთან და შესაბამისად, შემოსავლების ზრდასთან“, - აცხადებს ბერეკაშვილი.
Travel To Georgia-ს ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე იმერეთში ტურისტების რიცხვი 30%-ით გაიზარდა. სტუმრების დიდი ნაწილი რეგიონს ე.წ. გალფის ქვეყნებიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან სტუმრობდნენ.