უძრავი ქონების სააგენტო Osus agency-ის გაყიდვების მენეჯერის, ვესამ საიმონის თქმით, ბოლო დროს საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები გაჩნდა, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიეროებიდან ინვესტორებისთვის. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს - ფორუმს კომპანია "ინვესტ ჯორჯია" საქართველოში უკვე მესამედ ატარებს. ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან.
"პირველად ვარ საქართველოში. აქამდე აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ გავიგე, რომ ბოლო დროს ძალიან კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები გაჩნდა. განსაკუთრებით დუბაიდან ინვესტორებისთვის, საქართველოში ინვესტირების პოპულარიზაცია და მარკეტინგი დიდია. ასე რომ, დიახ, ჩვენ აქ ვართ ამ ღონისძიებისთვის, რათა მეტი გავიგოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არსებობს. დაინტერესებული ვართ უძრავი ქონებით, განსაკუთრებით ბრენდირებული საცხოვრებლებით.
ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები ძალიან პოპულარული გახდა, რადგან უამრავი ვიზიტორი ან ინვესტორი მოდის, რომლებსაც ასევე სურთ საქართველოს მონახულება მთელი წლის განმავლობაში მისი ბუნების გამო, განსაკუთრებით სათხილამურო კურორტების გამო. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ბევრმა ადამიანმა უკვე ჩადო ინვესტიცია აქ. ასე რომ, ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა",- აღნიშნა მან.
Osus agency-ის გაყიდვების მენეჯერი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან საკითხებად ასახელებს მაღალ ამონაგებს და უსაფრთხოებას.
"ინვესტორები თავიანთი ინვესტიციიდან ამონაგებს ეძებენ. რადგან ეს შესაძლებლობები ამჟამად საქართველოში ჯერ კიდევ ახალია, ზრდისა და განვითარებისთვის ბევრი რესურსია. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. საქართველო ცნობილია თავისი უსაფრთხოებით. ეს ორი ფაქტორი თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის",- ამბობს ვესამ საიმონი.




























