მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - სუამ-ის შეხვედრაზე ყველა პრემიერმა განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა

5df3bd21c1ae7
BM.GE
13.12.19 21:40
1199
სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში, სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ოპონენტების მცდელობა, აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან გაურკვეველ ფორმებზე გადაიტანონ.

„სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე - ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა. ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილისმომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, სუამ-ის წევრი ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა და იგი 1997 წელს შეიქმნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები