მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია: მადლობა ევროკომისიას 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერისთვის

5ea0a838d575e
თამთა ჯიჯავაძე
23.04.20 00:22
918
მადლობელი ვარ ევროკომისიის მხრიდან 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის ამ კრიზისში. საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ამაზე ძლიერი არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ის განსაკუთრებულ მადლობას თანამშრომლობისთვის უხდის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, ასევე ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელის, რომელიც ევროკომისარია ევროკავშირის გაფართოების საკითხებში.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე.

ამ 3-მილიარდიანი პაკეტიდან საქართველო 150 მლნ ევროს მიიღებს.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, წინადადება, დაფინანსების საჭიროებების წინასწარი შეფასების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთის რესპუბლიკა (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).

მათივე ინფორმაციით, მაკროფინანსური დახმარების თანხები 12 თვის განმავლობში ხელმისაწვდომი იქნება სესხების სახით, ძალიან ხელსაყრელი პირობებით, რათა ამ ქვეყნებს დაეხმარონ მათი გადაუდებელი და სასწრაფო საფინანსო საჭიროებების დაფარვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები