ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა აცრა.
ტესტირების ან ვაქცინაციის სავალდებულოობის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ დასაქმებულებს კვირაში ერთხელ ტესტირების ჩატარების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ ან უნდა აიცრან.
„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც იქნება. ადამიანის უფლებაა, თავად მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ მხარეს სრული შესაძლებლობაა დღეს შექმნილი, რომ მოქალაქე მივიდეს და ვაქცინაცია მიიღოს. ეს არჩევანი, რომელიც დღეს გვაქვს, გაიზრდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ იყოს არანაირი სტიმული, რომელიც შესაძლოა, არაჯანსაღ გავლენას ახდენდეს ადამიანის გადაწყვეტილებაზე და მან სრულად არ გააცნობიეროს ის სიკეთე, რომელიც ვაქცინაციას უკავშირდება.
ჯერჯერობით, ვაპირებთ საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეულ მოქალაქემდე და თოთოეულ ექიმამდე უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაცია. დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც დაბალია სამწუხაროდ; დაახლოებით, 11 ათასამდე სამედიცინო პერსონალი არის სრულად ვაქცინირებული 45-ათასიანი სამიზნე ჯგუფიდან. ივლისის ბოლომდე ვფიქრობთ, მოსახლეობის აქტივობა გაიზრდება და დღიურად 15-20 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.




























