არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროკავშირი არაა საბავშვო ბაღი და თუ ამ კლუბში გინდა, მისი წესებით უნდა ითამაშო.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციისთვის შექმნილ საფრთხეებსა და რისკებზე საუბრისას განაცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილისთვის, რომელიც 2016-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და „ქართული ოცნების“ გუნდში ირიცხებოდა, გაუგებარია, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ანტიდასავლური რიტორიკა.
„ქართული ოცნება“ თავისივე გადაწყვეტილების არათუ რევიზიას, არამედ დემონტაჟს აკეთებს და ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან გაჰყავთ“, - აღნიშნა მან.
- იმ დაშვებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნების და ქართველი ხალხის არჩევანის კონტექსტის გათვალისწინებით, „რუსული კანონის“ მიღებით განვითარებული პროცესები “ქართული ოცნების“ წისქვილზე რაიმე ფორმით ასხამს წყალს?
- მე მგონია, რომ არცერთ შემთხვევაში არ ასხამს „ოცნების“ წისქვილზე წყალს ეს პროცესი, როგორც არ უნდა დამთავრდეს... თუ პრაგმატულად შევაფასებთ, ისინი დაზარალდნენ...
- „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წაგება უნდა?
- ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების მოგება {რუსულ კანონამდეც} უჭირდათ, მაგრამ ბოლო თვეებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო უარესი გახადა მათი მდგომარეობა და დღეს, კიდევ უფრო მეტად მოუწევთ ძალაუფლების უზურპაციისკენ გადადგან ნაბიჯები; მათ უფრო მეტად მოუწევთ გაყალბება {გამარჯვებისთვის} ... მით უმეტეს, კონკრეტულ ადამიანებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ ამ კანონის მხარდაჭერის გამო. მოგეხსენებათ, აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქცია არაა უბრალოდ მგზავრობის შეზღუდვა, ეს ნიშნავს ხელისუფლების წარმომადგენლების შავს სიაში შეყვანას, რომლის გაგრძელება შეიძლება იყოს ფინანსური სანქციებიც, რაც მოსალოდნელია; მოვლენების ასე განვითარება კი, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლების წევრებს, არამედ მთლიანად ქვეყანას. რეალურად, ამ კანონის მიღებით მათ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების მოგება და ვფიქრობ, გაყალბების გარეშე გამარჯვების აღარანაირი შანსი არ აქვთ. ამდენად, თუ ვერ გაიმარჯვებენ, პარტიული კონსტრუქცია ისეა აგებული, მთლიანად დაკარგავენ ძალაუფლებას და შეიძლება, დაიშალონ. შესაძლებელია, დღეს ისინი ვაჭრობენ {საერთაშორისო პარტნიორებთან} როგორც შარშან და როცა ისე წარმოაჩინეს შედეგები, რომ „აი, კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთო“, მაგრამ შარშან ევროკავშირმა მიიღო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ საქართველო თავის კლუბში შეიყვანა, თუმცა წელს, ამდენი გადაგდების შემდეგ, „ქართული ოცნება“ აღარ ითვლება სანდო პარტნიორად და ნაკლებად სავარაუდოა, ისევ გარკვეული წინაპირობების და დათქმის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირონ.