ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ავანდის“ გაყიდვები ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა. კომპანიის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, დანიილ ნადაშვილის განცხადებით, კლების ერთ-ერთი მიზეზი საექსპორტო ბაზრებზე ღვინის მოთხოვნის ტენდენციების ცვლილებაა.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, კომპანია გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას მათ შორის ჩინეთის ბაზარზე ხედავს, თუმცა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საიმედო პარტნიორის მოძიებას მთავარ ამოცანად მიიჩნევს.
მისი ინფორმაციით, კომპანიის კომერციული საქმიანობა ძირითადად ექსპორტზეა დამოკიდებული - გაყიდვების დაახლოებით 85% საერთაშორისო ბაზრებზე მოდის, ადგილობრივ ბაზარზე კი 15% იყიდება. ამ პირობებში საექსპორტო შეკვეთების ცვლილება პირდაპირ აისახება გაყიდვების დაგეგმვაზე.
"კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საექსპორტო ბაზრებზე სტაბილური მოთხოვნისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების უზრუნველყოფაა. როდესაც გაყიდვების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მოდის, შეკვეთების ცვლილება უშუალოდ წარმოებისა და გაყიდვების დაგეგმვაზე აისახება. ამ პირობებში ჩვენთვის პრიორიტეტულია არსებული პარტნიორების შენარჩუნება, ახალი საიმედო პარტნიორების მოძიება და ბაზრების დივერსიფიკაცია", - განაცხადა დანიილ ნადაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინეთის ბაზარს უთმობს:"მას ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა მოთხოვნის არასტაბილურობა გრძელვადიან დაგეგმვას ართულებს. შესაბამისად, მთავარი მიზანი საიმედო პარტნიორის პოვნა და რეგულარული მიწოდების განვითარებაა", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
როგორც ის ამბობს, პროდუქციის მიმართულებით, მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ნახევრად ტკბილი ღვინოებია, რომლებსაც კომპანიის გაყიდვებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინოები დეგუსტაციებზე ინტერესსა და მაღალ შეფასებებს იმსახურებს, რეალურ გაყიდვებში მოთხოვნა კვლავ კლასიკურ ღვინოებზე ჭარბობს.
მისივე ინფორმაციით, "ავანდი" ამ ეტაპზე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას არ გეგმავს და ყურადღებას არსებული ღვინოების გაყიდვების განვითარებასა და ბაზარზე მათი პოზიციების გაძლიერებაზე ამახვილებს.
„ავანდის“ საწარმოო ისტორია 1970 წელს, კახეთში, კარდანახის ღვინის ქარხნის დაარსებით იწყება. 1990-იან წლებში საწარმო ნადაშვილების ოჯახმა შეიძინა და „ალაზანის“ სახელით განაგრძო საქმიანობა. 2006 წელს, რუსეთის ემბარგოსა და ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვის შემდეგ, წარმოება შეჩერდა. მეღვინეობა საქმიანობას 2017 წელს, საწარმოს მასშტაბური განახლებისა და იტალიური კომპანია Della Toffola-ს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვის შემდეგ დაუბრუნდა. განვითარების ახალ ეტაპზე კომპანიისთვის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია გახდა. დღეს „ავანდის“ ღვინოები 15 ქვეყანაში იყიდება. ბრენდის სახელწოდება ძველი ქართული სიტყვიდან მომდინარეობს და „წესს“ ნიშნავს - ეს კი მეღვინეობის იმ პრინციპს გამოხატავს, რომლის მიხედვითაც, ღვინო ტრადიციული ქვევრის მეთოდით იქნება დამზადებული თუ კლასიკური ტექნოლოგიით, ხარისხის განსაზღვრული სტანდარტების დაცვით იქმნება. ამჟამად კომპანია ორი ძირითადი ხაზის - „ავანდისა“ და „ავანდარის“ ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც განსხვავებული ხასიათითა და სტილით გამოირჩევა.
























