ტურისტული კომპანია Around The World-ის გაყიდვების ხელმძღვანელის ნინო ხატიაშვილის განცხადებით, კომპანიის გაყიდვების ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურ ჯავშნებზე მოდის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ხატიაშვილის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ნაადრევი ჯავშნების კულტურა საგრძნობლად გააქტიურდა და წინასწარი დაჯავშნები გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, მომხმარებელთა ცნობიერების ზრდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ მოგზაურები ტურებს უფრო ადრე გეგმავენ და არჩევანს წინასწარ აკეთებენ.
„დღეს გაყიდვების დაახლოებით 80% ინდივიდუალურ ჯავშნებზე მოდის. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით აქტიურია ივენთ-ტურები, ასევე თურქეთისა და საბერძნეთის საზღვაო კურორტები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ტურებიც მოთხოვნადია, ძირითადი წილი მაინც ინდივიდუალურ მოგზაურობებზე მოდის“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, მისი ინფორმაციით, საშუალო ბიუჯეტი ევროპული მიმართულებებისთვის დაახლოებით 1500 ლარიდან იწყება, ხოლო აზიური ქვეყნებისთვის – 2500 ლარიდან.
“ტურის სწორად დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ავიაბილეთის შერჩევაა, როგორც ფასის, ისე კომფორტის გათვალისწინებით, რასაც მოსდევს სასტუმროს არჩევა. თუმცა, მიმართულების მიხედვით, შესაძლოა ხარჯთა სტრუქტურა შეიცვალოს და ზოგიერთ შემთხვევაში სასტუმროს ღირებულება ავიაბილეთის ფასს აღემატებოდეს”, - თქვა მან.




























