საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპრილიდან მთავრობის მიერ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების მკვეთრ ზრდას ბაზარზე ნეგატიური შედეგები უკვე აქვს.
როგორც Carmark-ის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილებზე აქციზის ზრდის შედეგად მათი კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული, მათ შორის მკვეთრი კლება ფიქსირდება დილერების მიმართულებით გაყიდვებზე.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, თავის მხრივ აქციზის ზრდას გავლენა აქვს რეექსპორტზეც, რადგან დილერების დიდი ნაწილი, ვინც ამ მიმართულებაზე მუშაობდა, გაზრდილი განბაჟების ტარიფების გამო ახლა გაჩერებულია.
მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, სულ უფრო მცირდება საქართველოს საავტომობილო ჰაბის ფუნქცია და როლი.
“ახალი კანონის მიღების შემდეგ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა ეს ბიზნესი და ჩვენი კომპანია მათ შორის, რადგან განბაჟება გაძვირდა, ფაქტობრივად ბაზრიდან გავიდნენ დილერები. დილერები წარმოადგენდნენ ჩვენი გაყიდვების ძირითად ნაწილს. ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც თავისთვის ყიდულობდნენ ავტომობილებს, გათვლილი ჰქონდათ რაღაც ბიუჯეტი, რაშიც უნდა ჩატეულიყვნენ და უნდა ეყიდათ 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილები. შესაბამისად, ისინი უკვე ვეღარ ახერხებენ ამ ავტომობილების ყიდვას. 6 წელზე ახალი ავტომობილები უკვე ძვირი ღირს და ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ ავტომობილების ყიდვას. საერთო ჯამში, ამ ფონზე 60%-იანი ვარდნა გვაქვს გაყიდვებში. შეიძლება ითქვას, გაჩერებულები ვართ. თავდაპირველად მეგონა, რომ ჩემი კომპანიის პრობლემა იყო ეს და მე შემიმცირდა გაყიდვები, მაგრამ კომუნიკაცია მაქვს ჩემს კონკურენტებთან და ყველგან ანალოგიური მდგომარეობა არის.
დილერები გაჩერებულები არიან იმის გამო, რომ რეალურად ამ ბიზნესში გათვლა ასეთია, რომ მათ ავტომობილი ძირითადად ჩამოჰყავთ რეექსპორტზე გასაყიდად. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილს ვეღარ გაყიდიან იმ ვადაში, ვიდრე განბაჟება მოუწევთ რეექსპორტისთვის, იმის შემდეგ უკვე ცდილობენ გაყიდონ ადგილობრივ ბაზარზე.
იქიდან გამომდინარე, რომ განბაჟება ძალიან გაძვირდა, უკვე ვეღარ რისკავენ, რომ ჩამოიყვანონ ავტომობილი და რომ ვერ გაიყვანონს რეექსპორტზე და მოუწიოთ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა, განბაჟება უკვე იმდენად ძვირია, რომ არალიკვიდური ფასი გამოდის ავტომობილზე. შესაბამისად, უკვე თავს იკავებენ ავტომობილების ჩამოყვანისგან.
დილერების 90% ალბათ გაჩერებულია. თავიდან გვეგონა, რომ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, გადაეწყობოდნენ ახალ სეგმენტზე და ახალ ავტომობილებს მოძებნიდნენ, მაგრამ რეალურად გაჩერებულია მათი უმეტესობა.
ბაზრობაზე რომ გახვიდეთ, მომსახურების სააგენტოს გარშემო, შარშან ამ პერიოდში რიგები იყო გადაფორმებაზე. ახლა ფაქტობრივად ცარიელია, საერთოდ არ არის [ხალხი]. ჰაბის ფუნქცია ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს ამ შემთხვევაში. წლების განმავლობაში ვიყავით ერთ-ერთი სასურველი ადგილი როგორც უცხოელი დილერებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ და ავტომობილი შეეძინათ ჩვენთან. დღეს ფაქტობრივად ეს ფუნქცია დაკარგული გვაქვს სამწუხაროდ”, - განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.
მისივე თქმით, გაზრდილი აქციზის ფონზე, მოთხოვნა შედარებით გაზრდილია იაფი სეგმენტის ჩინურ ავტომობილებზე, თუმცა ამ მიმართულებით ზრდა ამერიკულ და ევროპულ ავტომობილებზე მოთხოვნის კლებას ვერ აბალანსებს.
“შედარებით გამოცოცხლებულია ჩინეთის მიმართულება, რადგან აქციზის ზრდამ ჩინეთის მიმართულებაზე მოთხოვნა გააჩინა, ზარები არის, მოსახლეობა ეძებს იაფიან ჩინურ ავტომობილებს იმ სეგმენტში, რა ფასშიც ადრე ამერიკიდან ან ევროპიდან მოჰყავდათ ავტომობილები. სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ არის ამ ფასის სეგმენტში ჩინეთში და შესაბამისად, დიდი გაყიდვებიც ჩინეთზე არ არის”, - აღნიშნა ირაკლი კუხიანიძემ.
ცნობისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და იმპორტი კლების ტენდენციას ინარჩუნებს. კერძოდ, წელს 5 თვეში რეექსპორტზე 734.5 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 24.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 1.2 მლრდ დოლარამდე 20.2%-ითაა შემცირებული იანვარ-მაისში ავტომობილების იმპორტიც.




























