მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზაფხულზე დავიწყებთ ექსპორტს"- მაკა ასათიანის კომპანია ყულევში ნავთობგადმმუშავებელ ქარხანას აშენებს

მაკა ასათიანი

ბიზნესმენ მაკა ასათიანის კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს - კომპანიამ დღეს პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. ახალმა ქარხანამ საქართველოში სხვადასხვა დასახელების საწვავი უნდა აწარმოოს და ის გლობალურ ბაზრებზე უნდა გაყიდოს. პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა $30 მილიონი დოლარია, ხოლო ყველა ფაზის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღწევს. ქარხნის სამშენებლო ნებართვა მიმდინარე წლის აგვისტოში გაიცა და მისი რეზერვუარების მშენებლობა უკვე დაწყებულია.

"ბლექ სი პეტროლიუმის" დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადებით, მათი ტერმინალი პროდუქციის ექსპორტს 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

"უკვე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენი პროდუქტების უცხოეთში ექსპორტირებას. ეს პროექტი არის გამორჩეული მაგალითი მთავრობის და ბიზნესის თანამშრომლობის მხრივ. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ყველა საფინანსო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტს. ჩვენ გავერთიანდით ერთი დიდი მიზნის ირგვლივ და საერთო ძალისხმევით შევძელით ჩვენი პროექტის განხორციელება,"- განაცხადა მაკა ასათიანმა.

"ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.

საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტთან ერთად, კომპანია ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს და მოელის რომ მისი ფასი იმპორტირებულ საწვავზე უფრო დაბალი იქნება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები