"გაზელ ფაინენს ჯორჯიამ“ მოზიდული რესუსრსის ფარგლებში საქართველოში ინტეგრირებულ 15-მდე უკრაინულ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია ან გაუწია დახმარება პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმით, - ამის შესახებ Bm.ge-ს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განუცხადა.
საქმე ის არის რომ 2022 წლიდან საინვესტიციო ფონდმა კომპანიებისთვის, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება ესაჭიროებოდათ, სპეციალური პაკეტის მომზადება დაიწყო და ინვესტორებიდან $2,5 მილიონის მობილიზება მოახერხა.
„გაზელმა“ ამ პროგრამის ფარგლებში კომპანიებს 3 ძირითადი ფინანსური პროდუქტი შესთავაზა, ესენია: 1) 0%-იანი სესხი, 2) გრანტი და 3) ბუღალტრული, იურიდიული და სხვა საკონსულტაციო სერვისების დაფინანსება.
როგორც Bm.ge-ს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა უთხრა, ამ პროგრამით დღემდე 15-მდე უკრაინულმა კომპანიამ ისარგებლა, რომელთა საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია.
„უკრაინის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნული თანხა გრანტის სახით გამოიყო და ჯერ კიდევ არის ამ თანხის ნაწილი დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი 2024 წელსაც გაგრძელდება. ვეხმარებით უკრაინელ მოქალაქეებს და კომპანიებს, რომ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება სამუშაოსთვის უსაფრთხო გარემოს შეთავაზებით. ვფიქრობთ, ამ პროექტით საქართველოს ეკონომიკასაც დავეხმარეთ, რადგან გვაქვს რამდენიმე ქართულ-უკრაინული კომპანიების შერწყმა. ამ უკრაინულ კომპანიებს, რომლებმაც ამ პროექტით ისარგებლეს, საქართველოში ვთხოვთ დარეგისტრირებას და ისინი აქ ხდებიან გადასახადის გადამხდელები. ასეთი ოცამდე კომპანიაა და ძირითადად არიან: IT; ხელოვნური ინტელექტის; ლოჯისტიკის; ტრანსპორტის; სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რამდენიმე თანამშრომელი, ვინც მათ უკრაინაში ჰყავდათ საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩვენ მათი ტრანსპორტირება სრულად დავფარეთ, რაღაც პერიოდი ვუფარავდით ცხოვრების ხარჯსაც და ვუხდიდით ხელფასსაც. ამ კომპანიებს შეეძლოთ საქართველოშიც აეყვანათ კადრები და ასეთი პრეცედენტიც იყო, რომ ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ“, - განაცხადა მან.
0%-იანი სესხით და გრანტით შემდეგმა კომპანიებმა ისარგებლეს: "ვანტენტი", "სქროლი", "ეგზიმკროპი", "ოზონი" და საცხობი "ურაჟაი".
"ბევრ კომპანიას ასევე გავუკეთეთ ბაზრის კვლევა და დავეხმარეთ ბიზნეს გეგმის და ფინანსური მოდელების აწყობაში. ასევე, ამ პროგრმაის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა სადაც თავმოყრილია ინფორმაცია, თუ რა უნდა იცოდეს მეწარმემ სანამ გადაწყვეტს საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირებას", - განმარტა ნათია ჯანელიძემ.