მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის 2-ჯერ რეინვესტირება შევძელით, რამაც ფონდს გაორმაგებული ეფექტი მოუტანა“ - "გაზელ ფაინენს ჯორჯია”

ნათია ჯანელიძე

საინვესტიციო ფონდმა "გაზელ ფაინენს ჯორჯიამ“ 2023 წელს 5 დიდი პროექტი წარმატებით დახურა, - ამის შესახებ Bm.ge-ს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფონდის მთლიანი პორტფელი 31 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება მოგებას, ფონდს საქართველოში, დაახლოებით, 17%-მდე ამონაგები აქვს.

"საქართველოში ჩვენთვის გამოყოფილი საინვესტიციო კაპიტალის 2-ჯერ რეინვესტირება შევძელით, რამაც ფონდს გაორმაგებული ეფექტი მოუტანა. "გაზელ ფაინენსი“ დახურული ტიპის ფონდია, რომელსაც 10 წლიანი სასიცოცხლო ციკლი აქვს. პირველი 5 წელი განკუთვნილია ინვესტიციებისთვის , ხოლო მომდევნო 5 წელი ხდება ინვესტიციებიდან გასვლა. პირველი 5 წლის განმავლობაში ჩვენ ორჯერ მოვახერხეთ თანხის რეინვესტირება, ანუ ორჯერ მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ვიდრე ფონდს ინვესტიციებისთვის ჰქონდა გამოყოფილი. საქართველოში არცერთი პროექტი წარუმატებელი არ ყოფილა ამ დრომდე და მოლოდინია, რომ ამ შედეგების შენარჩუნებას ბოლომდე შევძლებთ. დაახლოებით 17%-მდე ამონაგებით ვართ საქართველოში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია,“ - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ კომპანიები, რაშიც ფონდმა ინვესტირება განახორციელა, მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორისაა, ჯანდაცვა, განათლება, ტელეკომუნიკაციები, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მსუბუქი მრეწველობა. რაც შეეხება ფონდის მიერ მიმდინარე ინვესტიციებს, ნათია ჯანელიძის თქმით, ფონდს ახლა საინვესტიციო მანდატი დასრულებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ ინვესტიციებს ახლა აღარ განახორციელებენ.

“ამოვწურეთ თანხა, რაც ინვესტიციებისთვის იყო გათვალისწინებული და შესაბამისად დავასრულეთ ინვესტიციებისთვის განკუთვნილი პერიოდი. ახლა ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან გამოსვლას და პროექტების დახურვას ვაკეთებთ“, - განაცხადა მან.

კომპანიები, რომლებიც 2023 წელს ფონდმა წარმატებით დახურა შემდეგია: „დეგუსტო“, „ჯეო კაპი/ბუმბა“, „ორდუნეტი“, „გრინპაკი“, „კლინიკა რეიმანი“.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფონდის არსებობის ისტორიაში, საქართველოში „გაზელს“ ინვესტიცია 26 კომპანიაში აქვს განხორციელებული, რომლებშიც 60-მდე ტრანზაქცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები