თბილისში თხევადი გაზის სადგურები იხურება - თბილისის მერია თხევადი გაზის სარეალიზაციო ობიექტების დაჯარიმებას განაგრძობს. საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის კრძალავს და წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც ახალი სტანდარტით, 5-ჯერ მაღალია.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის მოწყობა კანონმდებლობით მკაცრად არის დარეგულირებული და შესაბამისი კლასის სამშენებლო ნებართვის გაცემა უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, ისე ობიექტის ფუნქციურ ზონაში სწორ განთავსებას.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გარკვეული სუბიექტები სამშენებლო სამართალდარღვევებისთვის თავის არიდებას მოძრავი, ავტომობილებზე დამონტაჟებული სადგურების მეშვეობით ცდილობენ, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსი მოუწოდებს ყველა პირს, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები, რათა მათი საქმიანობა კანონმდებლობასთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს.
"მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, უნებართვოდ განთავსებულ გაზგასამართ სადგურებზე, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე კუსტარულად მოწყობილ ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებიც ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ახორციელებენ საქმიანობას.
გაზგასამართი სადგურის მოწყობა დარეგულირებულია კანონმდებლობით არაერთი წელია, გაიცემა შესაბამისი კლასის სამშენებლო ნებართვა, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, ასევე შესაბამის ფუნქციურ ზონაში მის განთავსებას.
ცალკეულმა სუბიექტებმა ნებართვის და სამშენებლო სამართალდარღვევის თავის ასარიდებლად მოძრავი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოწყობილი გაზგასამართი სადგურები განათავსეს, რაც დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების, ასევე საქმიანობის განმახორციელებელი პირების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, დაფიქსირდა მსგავსი სადგურების აფეთქების შემთხვევებიც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ყველას დაემორჩილონ მუნიციპალური ინსპექციის კანონიერ მოთხოვნას და თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობასთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები" - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.




























