მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზიფიკაციის პრობლემა და გაუწმენდავი შიდა გზები - რა გამოწვევებით მასპინძლობს გოდერძი სეზონს?

კოტეჯები გოდერძი

კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე სეზონზე ობიექტები, თითქმის სრული დატვირთვით მუშაობენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი საოჯახო ობიექტის - “პაპიძის კოტეჯების” წარმომადგენელი ნინო პაპიძე BMG-სთან ამბობს, რომ ხუთივე კოტეჯი თითქმის მარტის ბოლომდე დაჯავშნილია. მომხმარებლები ადგილობრივი, შიდა ტურისტები არიან, რადგან საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებზე კოტეჯები ჯერ განთავსებული არ აქვთ.

მისივე ცნობით, საახალწლო პერიოდში 7-პერსონიანი კოტეჯის ფასი 400-500 ლარს შეადგენდა, ხოლო სეზონის სხვა დროს 300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ინფლაციისა და გაზრდილი კომუნალური ხარჯების ფონზე, “პაპიძის კოტეჯები” ფასების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, ნინო პაპიძე ამბობს, რომ მომსახურების თვითღირებულება საგრძნობლად გაეზარდათ.

„იმდენად ძვირი ჯდება ამ კოტეჯების შენახვა, მოვლა-პატრონობა... გაზიც არ არის ჯერ შეყვანილი, გათბობის ამბავიც რთულია. ყველაფრის ფასები გაიზარდა, მაგრამ ჩვენ პირიქით, კიდევ დაკლებას გვთხოვენ - ჩვენებურებს უჭირთ ფასის გადახდა“, - ამბობს ნინო პაპიძე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი გაზიფიკაციაა. ამ დროისთვის კოტეჯები ძირითადად, შეშით თბება: „ყველაზე რთული და ყველაზე ხარჯიანი, არის შეშა. გაზის პრობლემაა მოსაგვარებელი. თუმცა, ზოგიერთს პირიქით, შეშის ღუმელი ურჩევნია“.

კურორტისთვის პრობლემურია დიდი თოვლიც. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზები იწმინდება, შიდა მისასვლელებს კერძო სექტორის წარმომადგენლები თავად წმენდენ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ძალიან დიდი თოვლია. ჩვენ ცალკე ჩვენი გზა გვაქვს და იმას ჩვენ ვწმენდთ. გვყავს ტრაქტორი, მაგრამ ფიზიკურად ძალიან რთული და შრომატევადია, თან ხარჯიანიც“ - ამბობს ნინო პაპიძე.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გოდერძიზე მოთხოვნა მაღალია. არდადეგების პერიოდში კურორტი განსაკუთრებით დატვირთულია ბავშვიანი ოჯახებით.

„ჯავშნები მარტის ბოლომდე გვაქვს. სანამ თოვლია, ხალხის ნაკადიც ნორმალურია. მოთხოვნა ამ ეტაპზე მშვენიერია, უბრალოდ, ფიზიკურად არ გვაქვს მეტი კოტეჯი, თორემ მოთხოვნა დიდია“, - ამბობენ “პაპიძის კოტეჯებში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები