ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2025 წლის იანვრიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს დამატებითი მილიარდების შოვნის შესაძლებლობას ვერ მისცემს. ევროკომისიაში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირი ცვლილებას მომზადებული შეხვდა. ომამდელ პერიოდთან შედარებით ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა 18%-ით შემცირებული და მარაგები ნოემბრის მდგომარეობით 95%-მდე შევსებულია. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ რუსულ გაზს გათხევადებული გაზით [LNG] ან სხვა წყაროებიდან მიღებული ბუნებრივი აირით ჩაანაცვლებენ.
ამ ეტაპზე რუსულ ბუნებრივ გაზს უნგრეთი და სერბეთი მხოლოდ თურქეთზე გამავალი თურქსტრიმით გაზსადენით იღებენ, თუმცა რუსეთიდან ევროპაში გათხევადებული აირი LNG-იც ხვდება.
ტრანზიტის შეჩერებით რუსეთმა დიდი ბაზარი დაკარგა, თუმცა ვლადიმერ პუტინს სჯერა რომ ზარალი ევროპისთვის უფრო მასშტაბური იქნება. სხვადასხვა დათვლებით კრემლისთვის მიუღებელი შემოსავალი 5 მილიარდ დოლარამდეა. უკრაინის შემთხვევაში 800 მლნ დოლარია, რომელიც ქვეყანას კონტრაქტის საფუძველზე გაზის გატარების საფასურად ერგებოდა.
უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყნის, სლოვაკეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინის შეფასებას იზიარებს და რეგიონში ენერგომატარებლებზე ფასის მატების გამო რუსეთზე მეტად ევროპისათვის წაგებიან პოზიციად აღიქვამს კონტრაქტის ვადის გაგრძელებაზე უარს. ენერგეტიკოსების დათვლებით ტრანზიტის შეჩერებას რიცხვებში ყველაზე დიდი დანაკლისი მოლდოვისთვის იქნება.
ევროპული ქვეყნებიდან მთავარი მომხმარებლის გერმანიის ბაზრის დაკარგვა Gazprom-ის შემოსავლებს 2023 წელს უკვე დაეტყო, კომპანიის ზარალი ამ დროს 6.9 მილიარდი იყო, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე რუსული ენერგოგიგანტისთვის პირველი ზარალიანი წელი აღმოჩნდა. ევროპული ბაზრიდან მოთხოვნის დანაკლისს ჩინეთი ვერ აკომპენსირებს, ბევრი მიზეზის, უმთავრესად კი ევროპასთან შედარებით მცირე გამტარობის გაზსადენის გამო.
რუსეთი უკრაინის გავლით ევროპას გაზს 1991 წლიდან აწვდის, ბოლო კონტრაქტს ხელი Gazprom-მა და უკრაინულმა Naftogaz-მა 2019 წლის 30 დეკემბერს ხელის და მისი მოქმედების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინაზე გამავალი მილსადენით გაზს ძირითადად ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებდნენ, რაც დაახლოებით ევროკავშირის ჯამური იმპორტის 5% იყო.
Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებული მკვლევარი სერგი ყურაშვილი ამბობს, რომ 2022 წლიდან ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დაწყების პარალელურად გათხევადებული გაზის შესყიდვები გაიზარდილია. შედეგად ევროპა კონკურენციაში LNG-ის ერთ-ერთი უმსხვილეს მომხმარებელთან აზიასთან შევიდა. ტრანზიტის გაჩერებამ ევროპაში გაზი გააძვირა და პირველ იანვარს ბირჟაზე გაზის ფასმა მეგავატ საათზე 50 ევროს გადააჭარბა.
“ამ ტრანზიტით ევროპის მოხმარების დაახლოებით 5% კმაყოფილდებოდა და ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნები. მათგან უმთავრესი სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ავსტრიაა. ბოლო ათი დღის დინამიკა ფასის კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა და ამის მთავარი მიზეზი ის არის რომ ამ ეტაპზე ევროპაში ფიზიკური გაზის მიწოდების საფრთხე არ დგას, რადგან არსებობს მარაგები და სხვა ალტერნატიული მიწოდების წყაროები”, - ამბობს ყურაშვილი.
რამდენიმე დღეში ევროპული გაზის ბენჩმარკი - Dutch TTF მეგავატ საათზე 46 ევრომდეა შემცირებული, თუმცა ფასი წლიურ ჭრილში ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება.
“სანამ ფაქტი დადგებოდა რომ კონტრაქტი აღარ ხანგრძლივდებოდა, ამ მოლოდინში გაურკვევლობისა და ეიფორიის გამო ფასი გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ეს გაურკვევლობა ბაზარს გამოეცალა ფასი ქვემოთ წამოვიდა. ფასის კლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ევროპაში გაზის ფიზიკური მარაგების არსებობა. თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ ეს მარაგები წელს ბევრად სწრაფად იცლება, ვიდრე გასულ წლებში. რადგან წინა ორი ზამთარი ევროპაში მოსალოდნელზე თბილი იყო. წელს კი პირიქით მოსალოდნელზე ცივია”, - ამბობს ყურაშვილი.
2023 წელს რუსული გაზის იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 10%-ზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ომამდე, რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 40%-ს აღწევდა. ასე მაგალითად თუ 2021 წელს ევროკავშირი რუსეთიდან 137 მილიარდამდე მ3 ბუნებრივ აირს ყიდულობდა, 2023 წელს გაზის იმპორტი 25 მილიარდ მ3-მდე შემცირდა. რაც შეეხება გათხევადებულ გაზს, შარშან ევროპამ რუსეთისგან დაახლოებით 17.8 მილიარდი მ3 მიიღო, რაც მოხმარების დაახლოებით 6%-ია. გასულ წელს ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების მე-14 პაკეტში რუსეთის გაზის სექტორი პირველად მოხვდა და ევროპულ კომპანიებს რუსულ გათხევადებული გაზის პროექტებში ინვესტიციების ჩადება აეკრძალათ. 2023 წელს ყველაზე მეტ ბუნებრივ აირს ევროკავშირს ნორვეგია და აშშ აწვდიდნენ.




























